27 апр. 2016 г.

მეცნიერება და ჭეშმარიტება.




მეცნიერების წარმოშობასა და განვითარებას ხშირად უკავშირებენ ადამიანთა ყოფიერებას, საზოგადოებრივ პრაქტიკას, წარმოებას. მაგრამ, მეცნიერების სიძლიერე იმით გამოიხატება, რომ იგი პასუხობს გონებისა და სულის მოთხოვნილებას, რადგან რეალური სინამდვილის, ცხოვრების საზრისისა და მიზნის შემეცნებისადმი სწრაფვა ადამიანის თანდაყოლილ თვისებას წარმოადგენს.
კაცობრიობამ თავისი ხანგრძლივი განვითარების მანძილზე ბუნებისა და სამყაროს აგებულების არაერთი მეცნიერული და რელიგიური ახსნა შეძლო და შექმნა მრავალდარგობრივი მეცნიერება, რომლის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე მრავალმხრივი დაკვირვებები ტარდებოდა. გროვდებოდა ფაქტები, ცოდნა. დადგინდა ბუნებაში მოქმედი მრავალი კანონი და კავშირები.
XX საუკუნის დასაწყისში მოხდა მეცნიერების განსაკუთრებით მიზანმისწრაფული განვითარება. შეიქმნა კვანტური მექანიკა, ფარდობითობის თეორია, კოსმოსურ სივრცეში რაკეტების მოძრაობის თეორია, აღმოცენდა ევოლუციის პრინციპების იდეები, განვითარდა კიბერნეტიკა, გენეტიკა. მეცნიერების ყველა ამ და ბევრ სხვა მიღწევასთან ერთად, რამაც ტექნიკისა და ცივილიზაციის არნახული განვითარება გამოიწვია, ცხადი გახდა, რომ ადამიანმა ვერ შეძლო ღრმად ჩასწვდომოდა ბუნების მრავალ საიდუმლოებას. ამისათვის ის ხსუთი სენსორული გრძნობა (გაძლიერებული ტექნიკური საშუალებებით) და აზროვნების უნარი, რომლებსაც მეცნიერება იყენებს, არასაკმარისი აღმოჩნდა.
რელიგიური მსოფლმხედველობა და ოკულტური მოძღვრება, რომლებიც კლასიკური მეცნიერების პარალელურად ვითარდებოდა, აღიარებდნენ ფარული ძალების, კავშირებისა და ენერგიების არსებობას ბუნებაში, კოსმოსსა და ადამიანში. ეს მოძღვრებანი „ხედვის“ განვითარებული უნარის მქონე პირებისათვის ადვილად მისაწვდომი იყო. ინტუიცია (მეექვსე გრძნობა) – ჭეშმარიტების „სულიერი თვალით“ მყისიერი წვდომის თვისება, ხედვით სისტემაში წამყვან როლს ასრულებს.
აღმოჩნდა, რომ ხუთი სენსორული გრძნობით შემეცნებული სამყარო სრულიად განსხვავდებოდა მეექვსე გრძნობით დანახულისაგან. რწმენა და რელიგია ხელს უწყობენ ადამიანს სულიერი ხედვის განვითარებაში. ზნეობა, რომელსაც რელიგია ქადაგებს, ძალას აძლევს სუბიექტს წინ აღუდგეს ჰარმონიის დარღვევას მის საკუთარ ენერგეტიკულ ველში. ეს უკანასკნელი კი განაპირობებს ადამიანის სულიერ ზრდას, ცნობიერების გამთლიანებას და ხედვის უნარის შეძენას.

„კაცობრიობის გზა ზნეობისაკენ რეკიგიისა და მეცნიერების ერთობაზე გადის“, ამბობდა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ინდოელი მოაზროვნე ჰუმანისტი ს.ვივეკანანდა. ამავე პერიოდში ფრანგი ფილოსოფოსი ა. ბერგსონი ინტუიციას მიიჩნევს როგორც გონებაჭვრეტითი შემეცნების ფორმას. იგი წარმოქმნის შემეცნების დანაწევრებულ შედეგებს, რომლებიც შემდგომ გონებით განზოგადებას საჭიროებს.
ამიტომ მეცნიერება და ინტუიციური მეტაფიზიკა განიხილება როგორც ერთიანი მეცნიერების ორი ნაწილი. საქმე უკვე მაშინ შემეცნების ორი გზის სინთეზისაკენ იყო მიმართული. ბუნებრივია, მეცნიერებისა, რელიგიისა და ოკულტურ მოძღვრებათა მრავალი წარმომადგენლის მოწოდება ძალთა შეერთებისაკენ, რათა უფრო სრულად ყოფილიყო შესწავლილი ჭეშმარიტება.
კანტმა შემოიღო ცნება რეალობის ორი (ფენომენური და ნოუმენური) დონის შესახებ. ნოუმენური სამყარო არის ტრანსცენდენტური და სულიერ სამყაროს შეესაბამება. ნოუმენში მიმდინარეობს ადამიანის გონებისათვის აბსოლუტურად მიუწვდომელი პროცესები.  ე.ბლავატსკაიას აზრით მეცნიერება ისევეა მკვდარი სულიერი სამყაროს შესწავლის გარეშე, როგორც ადამიანის სხეული უსულოდ.
„რელიგიური რწმენასა და მეცნიერებას შორის ორსაუკუნოვანმა მძაფრმა ბრძოლამ ვერც მეცნიერების დასუსტება შეძლო და ვერც რწმენისა“- წერდა ფრანგი პალეონტოლოგი, ფილოსოფოსი და თეოლოგი ტეიარ დე შარდენი XX ს-ის დასაწყისში. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ რელიგია და მეცნიერება ერთი და იმავე სრული აქტის ორი განუყრელად დაკავშირებული მხარე ან ფაზაა.
მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანი და მის მიერ შექმნილი ცოდნის სისტემები ყოველთვის საუკეთესო გზით არ ვითარდება. XX საუკუნის ბოლოს ბევრისთვის უკვე ნათელი გახდა, რომ მეცნიერებისა და საზოგადოების განვითარების სწორი გზიდან ერთერთი არსებითი გადახრა მატერიალისტური მსოფლმხედველობა იყო. იგი აღმოჩნდა ციურ  საიდუმლოებათა სამყაროში – წერს  ს.ვივეკანანდა მეცნიერების შესახებ, – მაგრამ „უნარი არ შესწევს დედამიწის იქით თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას.“
სულიერად განვითარებული ცალკეული პიროვნებები წინააღმდეგობას უწევდნენ მეცნიერებაში მატერიალიზმის დამკვიდრებას, მაგრამ მათ სახელებს მისტიკოსის იარლიყებს აკრავდნენ და მათ მიერ მოპოვებული დაკვირვებათა შედეგები ან გონების ბრწყინვალე მიგნებები არასერიოზული განხილვის საგანი ხდებოდა.
დღესაც კი, როცა სამყაროს ცნობიერების ველის გამოკვლევა მიმდინარეობს, ნატიფი სამყაროსა და ადამიანის „ნატიფი სხეულის“ არსებობა მეცნიერულად დასაბუთებულია, მატერიალისტები გააფთრებით იცავენ სიცოცხლის შესახებ თავიანთ ათეისტურ შეხედულებებს. მაგრამ სამეცნიერო წრეებში სულ უფრო დამაჯერებლად გაისმის მტკიცება ღმერთის, როგორც სამყაროსა და ზეციური გონის შემოქმედის, არსებობის შესახებ. ამას განაპირობებს XX საუკუნის ბოლოს მეცნიერების მიერ მეხუთე ფუნდამენტური ურთიერთქმედების (ინფორმაციულის), ფიზიკური ვაკუუმისა და ტორსიული (ინფორმაციის გადამტანი) ველის აღმოჩენა; ასევე ველის ერთიანი თეორიის შექმნა.
„მე ვიცი, რომ ღმერთი არსებობს, მე მას ვხედავ ჩემი განტოლებების მიღმა. მეცნიერული კვლევის დროს ჩემს წინაშე წარმოჩენილი ნატიფი სამყაროების არსებობა რეალობაა“ – წერს რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გ. შიპოვი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ნ. ბეხტერევამ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე განაცხადა: „მთელი ჩემი სიცოცხლე მე მივუძღვენი ადამიანის ყველაზე სრულყოფილ ორგანოს – ტვინის შესწავლას და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ასეთი სასწაულის წარმოქმნა შეუძლებელია შემოქმედის გარეშე.“
მიმდინარეობს დასავლეთის ზუსტი მტცნიერებისა და აღმოსავლეთის ეზოთერული სწავლებათა მიღწევათა შერწყმა. „დადგა დრო, – წერდა ინგლისელი მწერალი და ფილოსოფოსი ა. კიოსტლერი, – გავითვალისწინოთ XX საუკუნის პოსტმექანიკური მეცნიერების გაკვეთილები და თავი გავითავისუფლით XIX საუკუნის მატერიალიზმის მიერ ჩვენს ფილოსოფიურ შეხედულებებზე ჩამოცმული დამაწყნარებელი პერანგისაგან. ჩვენ შეგვიძლია უფრო მკაფიოდ აღვითქვათ ჩვენს ირგვლივ არსებული ის მოვლენები, რომლებიც ადრე იძულებული ვიყავით უარგვეყო ფიზიკური მეცნიერებისადმი ცალმხრივი, მიკერძოებული დამოკიდებულების გამო და პარანორმალური მოვლენები ჩავთვალოთ ნორმალურობის ჩვენეულ კონცეფციად, რითაც საკუთარ თავს შევუქმნით მკაფიო წარმოდგენას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ბრმების ქვეყანაში.ბევრი მეცნიერისათვის მექანიკური პარადიგმა და სამყაროს დეტერმინისტული მოდელი ჯერ კიდევ ცენტრალურ მიმართულებად რჩება. ისინი ძირითად ყურადღებას ამახვილებენ მდგრად, ერთგვაროვან და გაწონასწორებულ პროცესებზე. უპირატესად შეისწავლიან ჩაკეტილ სისტემებსა და წრფივ თანაფარდობას. ისინი რჩებიან აღნიშნულ პოზიციებზე და მეცნიერებას აიძულებენ თავისი ძალისხმევა უმეტესწილად მიმართოს რეალობის იმ მცირე სფეროებისადმი, რომლებზეც მისადაგებულია ე.წ. „უნივერსალური კანონები“.
ი. პრიგოჟინმა და ი. სტენგერსმა შემოგვთავაზეს ახალი პარადიგმა, რომელშიც ყურადღებას ამახვილებენ მოუწესრიგებლობის, არამდგრადობის, გაუწონასწორებლობისა და არაწრფივი თანაფარდობისადმი. ისინი მიიჩნევენ, რომ ბევრ მეცნიერს ამჟამად იზიდავს ახალი, წარმოსახვისათვის მიუწვდომელი ობიექტები, რომლებიც მაგიასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ლოგიკასთან. მაგრამ, მათ უკვე დაიწყეს რთული პროცესებისაკენ თავიანთი გზის გაკვლევა.
კლასიკური მეცნიერების ბევრი წარმომადგენელი მეცნიერებაში „მისტიციზმის აღორძინების“  წინააღმდეგ გამოდის. „ისინი, ჩვეულებრივ, მთლიანად უარყოფენ პარაფსიქოლოგიის მონაცემებს, გინდ მსოფლმხედველობრივი მიზეზებით იყოს ისინი განპირობებული, და გინდ სულიერი ჩამორჩენილობით… ფსიქიკის მეცნიერული შეფასებისათვის ჩვენ ვალდებული ვართ გავითვალისწინოთ ყოველი შესაძლო ფენომენი, რის გამოც აღარ შეგვეძლება შევისწავლოთ ის ზოგადი ფილოსოფია, რომელიც გამორიცხავს როგორც არაცნობიერის, ისე პარაფსიქოლოგიური მოვლენების არსებობას“ – წერდა კ.იუნგი.
ეზოთერული მეცნიერების ცოდნის უგულებელყოფა დღეს უკვე შეუძლებელია. „დაიწყო ახალი ეპოქა, რადგან ცხოვრებაში ხდება დიდი ენერგიების შეცნობა. მეცნიერება იპყრობს ახალ სიმაღლეებს. ყველა ამის უარმყოფელს არ შეიძლება მეცნიერის სახელი ერქვას. მეცნიერება თავისუფალი, პატიოსანი და უშიშარია.“ – ნათქვამია „აგნი – იოგაში“. (ფიზიკოსებმა უკვე დაადასტურეს ფსიქიკური ენერგიის არსებობა).
ჭეშმარიტების ძიებისას მეცნიერთა წრე ორად გაიყო. ერთ მხარეს არიან ისინი, რომლებიც  არ გამორიცხავენ თავისი საფუძვლითა და არსით ესოდენ განსხვავებული მეცნიერებისა და რელიგიის გაერთიანებას. მეორე მხარეს კი ისინი აღმოჩნდნენ, რომლებიც მტკიცედ განაგრძობენ მატერიალისტური შეხედულებების დაცვას.
ცნობილია, რომ სინთეზს ხშირად, როგორც წესი, ხელს უშლის ხოლმე ცხოვრებაში არსებული რაიმე ნაწილის სხვების ხარჯზე თვითდამკვიდრებისაკენ სწრაფვის ფენომენი. მაგალითად, რელიგია ხშირად გამოდიოდა ხოლმე ოკულტისტების წინააღმდეგ. რელიგიის მსახურნი არ ცდილობდნენ კონტაქტი დაემყარებინათ მეცნიერულ სამყაროსთან, რითაც ხელს უწყობდნენ ანტაგონიზმს მეცნიერებასა და რელიგიგიას შორის. ანაფემას გადასცეს სულიერად განათლებული ისეთი პიროვნებები, როგორებიც იყვნენ ე. ბლავაცკაია, ე.რერიხი და სხვ., რაც კაცობრიობის კულტურის ისტორიაში შავ ლაქად დარჩება, რომ არაფერი ვთქვათ „კუდიანებზე ნადირობის“ პერიოდის მსხვერპლთა შესახებ.
მაგრამ ეჭვს არ იწვევს ის შეხედულებაც, რომ რელიგიის ხშირი და დაუცხრომელი კრიტიკა კაცობრიობისათვის დიდი ზიანის მომტანია. რელიგიის ცალკეული მსახურებით უკმაყოფილება მთელ ეკლესიაზე არ უნდა ვრცელდებოდეს. რელიგია (მისი სწორი გაგებით) ხელს უწყობს ადამიანის აღზრდას, უნერგავს მას ჰუმანურ იდეებს, იცავს მას გამხრწნელი და მისი განვითარებისათვის ხელშემშლელი საქციელის ჩადენისაგან. აყენებს მას ევოლუციისაკენ მიმავალ სწორ გზაზე.
ადამიანს, რომელმაც მაღალ სულიერ დონეს მიაღწია, რომელსაც გახსნილი აქვს უმაღლესი ცნობიერების ცენტრები და დაუფლებულია სულიერი ხედვის უნარს ერთი რელიგიის ერთგულება შეიძლება შემდგომი ზრდის გზაზე შემაფერხებელ ბარიერად ექცეს. „სულს არ უნდა შევუშალოთ საკუთარი ფრთების გაშლაში“ – დეკლარირებულია „აგნი- იოგაში“. რწმენისა და გონების, რელიგიისა და მეცნიერების ჰარმონიის პრინციპი ცენტრალურია თანამედროვე კათოლიკურ ფილოსოფიაში – ვატიკანის ოფიციალურ ფილოსოფიურ დოქტრინაში.
კულტურის განვითარების თანამედროვე ეტაპზე სრულიად მისაღებია მოთხოვნა სამყაროს შემეცნების მეცნიერული და არამეცნიერული მეთოდების თანაბარუფლებიანობის შესახებ როგორც ერთი ისე მეორე მხარისათვის დათრგუნვის მცდელობისა და ტოტალიტარული პრეტენზიების წაყენების გარეშე.
გარკვეული მოძრაობა ამ მიმართულებით უკვე შეინიშნება. ბოლო ხანს მსოფლიოს სხვადაცხვა ქვეყანაში ტარდება აღნიშნული საკითხისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციები. „მსოფლიო საზოგადოებრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე უკვეე შეიმჩნევა მეცნიერებისა და რელიგიის ერთგვარი სინთეზი ინფორმაციულ დონეზე“ – აღნიშნა საქართველოს და რუსეთის მეცნიერების აკადემიკოსმა ი. ფრანგიშვილმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე. „რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას, პირიქით, იღებს მეცნიერულ მიღწევებსა და მტკიცებებს და თავად მიისწრაფვის ახალი აღმოჩენებისაკენ“ – ესაა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II – ის სიტყვები 2005 წლის სააღდგომო ეპისტოლედან.
მსგავსი ფორუმებისა და ღონისძიებათა ჩატარების ფაქტებმა და მათ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთდაახლოების შესახებ არ შეიძლება გულგრილი დატოვოს მეცნიერული სამყარო და მთელი პროგრესული კაცობრიოა. ხორცი ესხმება „კალაგიის“ მოწოდებას სინთეზისაკენ: „ყოფიერება მრავალგანზომილებიანია, მაგრამ – ერთიანი, ისევე, როგორც ჭეშმარიტება. ყოფიერების ყველა სფეროს საფუძვლად უდევს სინთეზი და არა ნგრევა“.
„კალაგია“- XX საუკუნის ბოლოს გამოქვეყნებული უაღრესად მნიშვნელოვანი ეზოთერული ნაწარმოებია. იგი შეიძლება სამაგიდო წიგნად იქცეს თითოეული მეცნიერების, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწისათვის, ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც სურს ჭეშმარიტების წვდომა, ევოლუციური განვითარება, რათა ეზიაროს უსასრულობას და გახდეს უკვდავი.
ამრიგად, მეცნიერება და გონი ეყრდნობა ცოდნის სისტემებს, ხოლო რელიგია და რწმენა – ხედვით სისტემას. სამყაროს სრული და სწორი შემეცნებისათვის აუცილებელია შემეცნებითი გზის აღნიშნულ განშტოებათა გაერთიანება. „ჩვენ მივუახლოვდით ადამიანი – კოსმოსის სისტემებში ახალი გამოცდილების მიჯნას, სადაც საჭიროა არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ხედვაც“ – ამბობს ბიოფიზიკოსი, პროფესორი ი. კალანდაძე. ტეიარ დე შარდენი კი აცხადებს, რომ ხედვის არგანვითარება დაღუპვის ტოლფასია.
რელიგიის საგანს წარმოადგენს მიკროსამყაროები და მათი აღწერა მიკროსამყაროს შესახებ არსებული შეხედულებებისა და ცნებების მიხედვით. მათი აღწერისას არ შეიძლება ჩვეულებრივი ლოგიკის გამოყენება. ხოლო იმას, რაც ლოგიკას არ ემორჩილება მისტიკურს ვუწოდებთ და უარვყობთ. არადა მისტიკურობის გრძნობა ადამიანისათვის ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა. ა.აინშტაინი ამბობდა: „ვისთვისაც ეს გრძნობა უცხოა, ის მკვდრად უნდა მივიჩნიოთ.“ აღნიშნული ფრაზა იმის დამადასტურებელია, რომ თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ეს გრძნობა განიცადა, შეიძინა ე.წ. „რელიგიური გამოცდილება“ და მიკროსამყაროს გარკვეული კანონზომიერებანი სულიერი გზით შეიმეცნა. მეცნიერებათა მისტიკური ხედვის მრავალი მაგალითი არსებობს და მათ ხშირად იმოწმებენ ლიტერატურაში. სულიერი ბუნების მეცნიერული გამოკვლევა მოითხოვს სათანადო სულიერი ხელსაწყოების არსებობას, რაც მეცნიერებას ჯერჯერობით არ გააჩნია. ლაზერი „კალაგიაში“ მოხსენებულია, როგორც სულიერ-ფიზიკური ხელსაწყო.
ადამიანის განკარგულებაშია ბუნების მიერ შექმნილი სულიერი ხელსაწყოები: ტაქეონური ლაზერები, ოსცილატორები, მიმღებები, ტრანსლატორები და მრავალი სხვა. ისინი უშუალოდ მასში არსებობენ. იმისათვის, რომ ეს სულიერი „დანადგარები“ სრულფასოვნად ავამოქმედოთ, საჭიროა ადამიანი მოვიყვანოთ განსაკუთრებულ ვირტუალურ (მედიტაციურ) მდგომარეობამდე.
ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის საკითხების მკვლევარმა ს.გროფმა ასეთ მდგომარეობას ჰოლოტროპული უწოდა. ადამიანში მიმდინარეობს შინაგანი სულიერი პროცესები, რომელთა წყალობითაც ცნობიერება თავისუფლდება გრძნობათა სამყაროში არსებული მიჯნებისაგან – იძენს „ზეგრძნობიერი „ სამყაროს აღქმის უნარს.მიმდინარეობს ლოგიკურისა და ინტუიციურის ერთგვარი სინთეზის პროცესი, რომელიც რაღაცა ახალს წარმოქმნის. ადამიანი ხდება ხედვისუნარიანი და განიცდის ევოლუციას.
თითოეული ადამიანის, განსაკუთრებით მეცნიერის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ის ხვდება, რომ საკუთარ თავს, ირგვლი მყოფთ და სამყაროს დიდ ზიანს აყენებს, თუ ხელს არ შეუწყობს თავისი სულიერი თვალთახედვის გახსნას.
ამრიგად, მეცნიერული ცოდნა არასაკმარისია სამყაროსა და მის ღრმა იდუმალებათა შესაცნობად. ამისათვის დამატებით საჭიროა ხედვის უნარი, რომელიც თავის თავში შეიცავს რეალობის ინტუიციურ და სპონტანურ აღქმას. ესაა ე.წ. ნათელხილვის გაელვება და სამყაროს ინფორმაციულ ველში შეღწევა.
ოფიციალური მეცნიერების ეზოთერულთან სინთეზი ამ აქტისადმი მეცნიერული საზოგადოების ნაწილის მოუმზადებლობის გამო ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. ალბათ ურთიერთდაახლოვების პირველ ეტაპზე მეცნიერების ყველა სფეროს სპეციალისტები უნდა გაეცნონ მათი კვლევის ობიექტების შესახებ არსებულ ცნობებს, რომლებიც გაბნეულია , როგორც მარგალიტი (ზოგჯერ დიდი რაოდენობითაც) ეზოთერულ ნაწარმოებებში, და მოახდინონ შესაბამის მეცნიერულ გამოკვლევათა შედეგებთან მათი შეპირისპირება. შედეგების თანხვდომა სპეციალისტებს არწმუნებს ობიექტის შემეცნების არჩეული გზისა და მიღებული შედეგების  სისწორეში. შემჩნეული დაპირისპირებათა მომენტები მათ ხელახლა უნდა გადაამოწმონ.
სტატიის ავტორი არაერთხელ დარწმუნებულა ეზოთერულ ლიტერატურაში მოყვანილ ფაქტების უტყუარობასა და რეკომენდიაციების სისწორეში. ამიტომ ზემოაღნიშნული გზით მოპოვებული ცნობების იგნორირება ყოვლად  მიზანშეუწონლად მიაჩნია.
თვალსაჩინოებისათვის შეიძლება განვიხილოთ მაგალითი ატმოსფეროს ფიზიკიდან. როგორც ცნობილია, ატმოსფეროს შედგენილობაში შედის ბიოსფეროს შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად აუცილებელი ელემენტი – ჟანგბადი. იგი  სამი ალოტროპული სახესხვაობით არსებობს: O2 მოლეკულური, О – ატომური და O3 – ოზონის სახელით ცნობილი სამატომიანი. დღესდღეობით ზოგადად მიღებული ოზონის მოლეკულის მოდელის თანახმად, ატომები მასში განლაგებოლია ტოლფერდა ბლაგვკუთხა სამკუთხედის წვეროებში.
ეზოთერიაში არსებობს მოსაზრება, რომ ოზონის მოლეკულაში ჟანგბადის ატომებს შორის განთავსებულია პრანა – სასიცოცხლო ენერგია, რომელსაც ყოველივე ცოცხალში შეაქვს უნივერსალური ძალა. ესე იგი ოზონი მაცოცხლებელი ძალის მატარებელია.
ფიზიკოსების და გეოფიზიკოსების ჯგუფებმა, რომლებიც ატმოსფეროს მიწისპირა ფენაში იკვლევენ ოზონის ვარიაციებს, ასევე მედიცინის მუშაკებმა, ბოტანიკოსებმა და ეკოლოგიის პრობლემების შემსწავლელმა სხვა მეცნიერებმა ეს კეთილშობილი აირი ჰაერის გამაჭუჭყიანებელ ფაქტორად მიიჩნიეს. მათი აზრით,  ოზონი საფრთხეს უქმნის ფლორისა და ფაუნის არსებობას და ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. მეცნიერების ამ სფეროში გამოქვეყნებული სტატიები დამაჯერებლად არ გვეჩვენება და მათში მოყვანილი დასკვნები და გამოთქმული ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ ოზონს თითქოს ტოქსიკური თვისებები ახასიათებს, საკმაოდ დასაბუთებული არაა. ზოგიერთი მეცნიერი ოზზონის მიერ მცენარეულობის დაზიანების შეფასებისას სიფრთხილის გამოჩენას მოითხოვს და კოლეგებს სწორი დიაგნოსტიკისაკენ მოუწოდებს, რამდენადაც გამოვლენილი სიმპტომების უმეტესობა სხვა პათოგენებითა და ფიზიოლოგიური პირობებით დაზიანების სიმპტომებს წააგავს. განსაკუთრებული მსგავსებით გამოირჩევა ოზონითა და პან-ით დაზიანების სიმპტომები. (როგორც ცნობილია, პან – პეროქსიაცეწილნიტრატი სიცოცხლის ნებისმიერი ფორმისათვის მეტისმეტად ძლიერი აგრესორია). მთელი რიგი სტატიების ავტორები აღნიშნავენ, რომ თავიანთ გამოკვლევებში მათ არ შეუსწავლიათ სხვა გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებებისა და კლიმატური პირობების ზემოქმედება.
ოკულტურ ლიტერატურაში მოყვანილია სრულიად განსხვავებული მსჯელობა ოზონის თვისებებისა და სასიცოცხლო პროცესებში მისი როლის შესახებ. ასე მაგალითად, ე. ბლავატსკაია წერდა: „ ის ვინც ამ თითქოსდა მოუქნელ ჟანგბადს ოზონად აქცევს, მიიყვანს მას ალქიმიურ აქტივობამდე და თავის წმინდა არსამდე (რისი მიღწევის ხერხებიც არსებობს), ამით აღმოაჩენს „სიცოცხლის ელექსირის“ შემცვლელს და იგი პრაქტიკულად გამოყენებისათვის მზად იქნება“.
ასევე ცნობილია, რომ ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი „მეცნიერის“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმასშტაბიანი გათამაშება გასულ საუკუნეში ე.წ. „ოზონის ხვრელი“ გახლდათ.
ყველაფერში სამართლიანობის დაცვა და მისი დროული აღდგენა, თუ იგი დარღვეული იყო, დიდმნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც გავლენას ახდენს კაცობრიობის ბედზე.
წინამდებარე სტატიის ავტორს, სამწუხაროდ, არ შეუძლია დამოუკიდებლად და მეცნიერულად დაამტკიცოს ოზონის უდანაშაულობა კაცობრიობის ეკოლოგიურ უბედურებაში. იგი ეყრდნობა მხოლოდ ინტუიციას, ოფიციალური მეცნიერებისა და ეზოთერიის ზემოთ მოყვანილ მასალებს და გამოთქვამს შემდეგ ვარაუდებს: 1.ოზონი დედამიწის ფლორას, ფაუნას და ადამიანის ორგანიზმს აწვდის მაცოცხლებელ ძალას – პრანას; 2. მიწისპირა ოზონის რაოდენობის (მისი კონცენტრაციის) გაზრდა „სმოგის“ დროს ჰაერში წარმოქმნილი სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერების გაზრდილი კონცენტრაციის მიერ ბიოსფეროსთვის მიყენებული ზარალის კომპენსირებას ახდენს; 3.საშიშია არა ოზონის კონცენტრაციის გაზრდის შემთხვევები, არამედ ჰაერში სმოგური სიტუაციების დროს მათი მცირე შემცველობა.
მიწისპირა ოზონის ბიოსფეროზე ზემოქმედების შესახებ დასმულ კითხვაზე უტყუარი და ყველასთვის დამაჯერებელი პასუხის მისაღებად საჭიროა ჩატარდეს შემდგომი გამოკვლევები უფრო გულმოდგინედ მომზადებული ექსპერიმენტების საფუძველზე.
კაცობრიობას ბევრი უბედურება ატყდება თავს ერთი უკიდურესობიდან საწინააღმდეგო, მეორე უკიდურესობაზე მკვეთრი გადასვლისას. ზოგჯერ ხდება გონებისაგან განდგომაც (ნეომისტიციზმი) ცრუმეცნიერებისაგან გადაღლის შედეგად.
არ შეიძლება გონის უარყოფა, ისევე, როგორც მისტიკისა (სინამდვილისგან განდგომა). არარაციონალურია ადამიანისათვის დამახასიათებელი ისეთი რაიმეს უკუგდება, რომელსაც შეუძლია დახმარება გაუწიოს კაცობრიობის პროგრესს,  მის სულიერ და ინტელექტუალურ ზრდას. თუმცა მეცნიერების დევიზი – ჭეშმარიტება სიცრუის გარეშე – არ უნდა დაირღვეს. მეცნიერების ზნეობრიობა სავალდებულოა.
მეცნიერების და რელიგიის ურთიერთობა აუცილებელია. ცოდნითი და ხედვითი სისტემების გაერთიანება უზრუნველყოფს მეცნიერების მნიშვნელოვან პროგრესს. ამას ხელს შეუწყობს მეცნიერული უტყუარობის კრიტერიუმთა გადახედვა და ახალი პარადიგმების მიღება, რომლებიც „ნატიფი სამყაროსა“ და „შემოქმედი – ღმერთის“ ცნებებს მოიცავს. როგორც ი.პრიგოჟინმა თქვა: „სამყაროს მეცნიერული შემეცნება მხოლოდ ახლა იწყება“.
ო.ლომაია. (ჟ. „მეცნიერება და ტექნოლოგიები“, №7-9, 2006.)
Автор - Офелия Ломая

Комментариев нет:

Отправить комментарий