27 апр. 2016 г.

სამყარო და ადამიანი. ნაწილი 5.





ადამიანი – სამყაროს უაღრესად მნიშვნელოვანი რგოლია. იგი – სამყაროში მოქმედი ენერგიების დამოუკიდებელი წყაროა. მის მიერ გამომუშავებული ენერგიის ხარისხი დიდათ არის დამოკიდებული მისი  ცნობიერებისა და აზროვნების ხარისხზე. ამავდროულად, მაღალი ცნობიერება და  სწორი აზროვნება აუცილებელია ადამიანის ბედნიერად ცხოვრებისათვის სამყაროში.
ბევრი უფიქრია ადამიანს დედამიწაზე ცხოვრების არსზე, უამრავი ლიტერატურა არსებობს თვითშემეცნებაზე და თვითგანვითარებაზე, მაგრამ ჯერ კიდევ მრავლად არიან სუსტი ნებისყოფის ადამიანები, რომელთაც არ სურთ სერიოზული ლიტერატურის კითხვა, ზოგნი საერთოდ, ვერ პოულობენ დროს კითხვისათვის, იმდენად არიან ჩართული ბრძოლაში არსებობისათვის, ან ურჩევნიათ იკითხონ გასართობი ლიტერატურა და, საერთოდ, მხოლოდ გართობაში ეძებენ ბედნიერებას. მაგრამ , დგება ჟამი და ცხოვრება თვითოეულ ჩვენგანს აფიქრებს თავის ავ-კარგიანობაზე, ბედზე და უიღბლობაზე.
მოულოდნელად აღმოვჩნდებით თითქოსდა გამოუვალ მორევში. იმისათვის, რომ არ დავიღუპოთ, გადავრჩეთ ფიზიკურად და სულიერად, ვიპოვოთ ის ვიწრო ბილიკი, რომელიც გამოგვიყვანს ამ მორევიდან, საჭიროა ბევრი რამ ვიცოდეთ. მაგალითად ის, რომ ადამიანი, ისევე, როგორც მთელი სამყარო,  რთული აღნაგობისაა და მრავალნაირი შემადგენლობის; რომ მასში მთავარია სული და მერეა ხორცი, ანუ ფიზიკური სხეული, რომელიც ატარებს ამ სულს და საშუალებას აძლევს მას გამოხატოს თავისი არსი იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია ხილულ სამყაროში; ის, რომ მატერიალურ სამყაროში არსებობით არ იწყება და არც მთავრდება სულის, პიროვნების ცხოვრება და  მოღვაწეობა.

ადამიანი ბევრად უფრო რთული არსებაა თავისი შემადგენლობით, სტრუქტურით, ფუნქციებით, თვისებებით და შესაძლებლობებით, ვიდრე ბევრ ჩვენთაგანს ჰგონია. როდესაც ეზოთერული ლიტერატურის ავტორები გვიმხელენ, რომ ადამიანში, მის ფიზიკურ სხეულში ბუდობენ სხვა, თვალით უხილავი სხეულები, ადამიანთა უმეტესობა არ იჯერებს ამას და ჰგონია, რომ ეს მათი ფანტაზიისა და წარმოსახვის ნაყოფია. მაგრამ, თუ დავფიქრდებით, შესაძლებელია მივხვდეთ, რომ ამაში არაფერია გასაოცარი და დაუჯერებელი.  განა მეცნიერებმა არ დაამტკიცეს, რომ ყოველი ხილული მატერიალური  სხეული რთული  შემადგენლობისა და აღნაგობისაა? უბრალოდ , ადამიანი ყველაფერს ვერ ხედავს, ზოგჯერ შეიარაღებული თვალითაც კი. არსებობენ უამრავი ცოცხალი ორგანიზმები ჩვენში და ჩვენს ირგვლივ, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. არსებობს დიდი ენერგია ატომის ბირთვში, (რომელსაც ადამიანი ურთულესი ინსტრუმენტებით შეიარაღებულიც კი ვერ აფიქსირებს) და ჩვენ მომსწრენი ვართ იმისა, თუ როგორ გამოიყენა იგი კაცობრიობამ პრაქტიკაში. მაშ რატომ გვიჭირს დავიჯეროთ, რომ ადამიანშიც არის ბევრი რამ მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ სხეულის გაჭრის შემდეგაც კი. განა ცხადი არ არის, რომ ადამიანი აზროვნებს? ჩვენ ვერ ვხედავთ ამ აზრებს, მაგრამ ისინი ძლიერად მოქმედებენ სხვა ადამიანებზე, ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებაზე. რატომ უნდა იყოს დაუჯერებელი ის, რომ ადამიანი თავისი აზროვნებით,  გრძნობებით, ემოციებითა და ენერგიებით დიდ გავლენას ახდენს გარე სამყაროზე და თვით თავის სხეულზეც.
მედიცინაში დიდი ხანია ადამიანის მკურნალობისას იყენებენ მისივე შიდა ძალებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მკურნალობის ისეთ მეთოდს, როგორიცაა რწმენის ჩაგონება. ასევე ცნობილია, რომ შესაძლოა პირიქითაც მოხდეს და ადამიანი დაავადდეს ჩაგონების და თვითჩაგონების ნიადაგზე.
შევთანხმდეთ, რომ ადამიანში არსებობს და მუშაობს ძალიან ბევრი ისეთი მექანიზმი, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის შესწავლილი; მას გააჩნია ენერგიები, რომლებსაც იგი ბოლომდე ვერ აკონტროლებს და ბევრ შემთხვევაში კარგათ ვერ იყენებს – სხეულის და სამშვინველის განკურნების და განწმენდის ნაცვლად აავადებს და აუხეშებს მათ; სამყაროს განვითარების და სივრცის გაკეთილშობილების ნაცვლად, ანგრევს, ანადგურებს და აბინძურებს მათ. უმეტესობა ამას აკეთებს უცოდინარობის გამო, სავარაუდოთ ნაკლებია მიზანდასახული უარყოფითი მოქმედებების რიცხვი (ამას სჩადიან ე.წ. „ბნელი ძალები“). უნდა დავიჯეროთ, რომ ბევრი რამ, რაც მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, არსებობს და ეზოთერული წყაროებით უკვე შემოსულია კაცობრიობის ცნობიერებაში.
ჯერ კიდევ პლატონმა (428-347 წ.წ.ძვ.წ.) განაცხადა, რომ აზრები მართავენ ქვეყნიერებას. როგორც ინგლისელმა ფილოსოფოსმა ა.ნ. უაიტჰედმა (Whitehead) (1861 – 1947) აღნიშნა, მთელი დასავლური ფილოსოფიის ისტორია წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ კომენტარს პლატონისადმი. არავითარი საბაბი არ გაგვაჩნია , არ დაუჯეროთ ძველი სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან ფილოსოფოსს, მითუმეტეს, თუ მის მიერ გამოთქმულ, ზემოთ ხსენებულ მოსაზრებას ადასტურებს არაერთი ეზოთერიკოსი. მათზე დაყრდნობით და საკუთარი რელიგიური გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ: რა თქმა უნდა, აზრები მართავენ კაცობრიობას და არა მხოლოდ მას – ისინი მართავენ პროცესებს მთელს სამყაროში.
უფრო მეტიც, ბიბლიის თანახმად სიტყვით (ანუ იდეით , იდეის მატარებელი აზრით) შეიქმნა ყველაფერი სამყაროში. „თავდაპირველად იყო სიტყვა, და .სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი“(იოან. 1, 1-2).
ბერძნულ ენაში არსებობს სიტყვა „ნუს“, რაც ნიშნავს ჭკუას, აზრს, გონს. ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში ამ სიტყვით აღინიშნებოდა სული, გონი, აზრი, საზრისი. შინაარსით სიტყვა „ნუს“ უახლოვდება სიტყვა „ლოგოსს“. ის ფაქტი, რომ აზრი და სული ერთი სიტყვით აღინიშნა, ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგალითად იმაზე, რომ მათი ბუნება ახლოსაა ერთმანეთთან (ენა შემთხვევით არ იქმნება. აქ, ნამდვილად, ღვთაებრივ ჩაგონებას აქვს ადგილი).
იმ კითხვებზე, თუ რას გამოხატავენ სიტყვები: აზრ-ფორმა, ცნობიერება, სულიერება, ან თვით სული ამომწურავ პასუხს ჩვენ ვერ ამოვიკითხავთ ჩვეულებრივ ცნობარებში, ან რომელიმე მეცნიერულ ნაშრომში. ბევრად მეტი ინფორმაცია მოიპოვება ეზოთერულ ლიტერატურაში. თუმცა ადვილად გასაგები ინფორმაცია და ამომწურავი პასუხი შესაძლოა აქაც ვერ აღმოვაჩინოთ. ჩამოთვლილი სიტყვები ბუნების ჯერ კიდევ ამოუხსნელი საიდუმლოებების სიმბოლური სახეებია, რომელთა შესახებ ამომწურავ ცნობებს უმაღლესი სამყაროების ბინადრები ეტაპობრივად უმჟღავნებენ კაცობრიობას მისი განვითარების კვალდაკვალ. ისინი მხოლოდ იმდენად ხდიან ფარდას არსებულ ჭეშმარიტებას, რამდენის გაგება და მიღებული ცოდნის სწორად გამოყენება შეუძლია ადამიანს ცივილიზაციის განვითარების მიმდინარე ეტაპზე.
ე.რერიხის „აგნი – იოგაში“ და უახლესი ეზოთერული ნაშრომის „კალაგიას“ თანახმად, აზრი არის იდეა და იგი სულის ფორმას წარმოადგენს. სანამ ამ საკითხს უფრო დეტალურად განვიხილავდეთ, გავიხსენოთ, რომ ეზოთერულად ადამიანი (ისევე, როგორც თვით სამყარო) ურთულეს სისტემას წარმოადგენს. მისი მკვრივი ფიზიკური სხეული შეიცავს სხვა, თვალით უხილავ, ნატიფ, ველისებური სტრუქტურების მქონე სხეულებს, განსხვავებული აგებულებით, შემადგენლობითა და ფუნქციებით. ესენია: ეთერული, ასტრალური, მენტალური სხეულები, სამშვინველი, სულის სხეულები. მათში განლაგებულია უმაღლესი ცნობიერების  ცენტრები, ანუ „ჩაკრები“ და კიდევ ბევრი რამ, რაზედაც ადამიანს ჯერ წარმოდგენაც არა აქვს. სიცოცხლის მიმნიჭებელი და წამყვანი ძალა სწორედ მისი სულია.
 ადამიანში წარმოიქმნება მრავალნაირი სხივი, ველი და ენერგია. ისინი განიცდიან გარდასახვას, გადაადგილდებიან და ახორციელებენ მრავალ სხვადასხვა მოქმედებას. როგორც თანამედროვე მკვლევარები აცხადებენ, ადამიანის ინტუიციას, წინათგრძნობას, ნათელმხილველობას, ტელეპათიას საფუძვლად უდევს ე.წ. გრეხვის ველები.
ადამიანი თავისი ენერგიებით ძლიერ მოქმედებს სხვა ადამიანებზე, გარემოზე და მთლიანად სამყაროზე, ზოგჯერ დადებითად და ზოგჯერ უარყოფითად. ამიტომაა თითოეული ადამიანისათვის აუცილებელი მისი საკუთარი აზრების, გრძნობების, ემოციებისა და მოქმედებების მუდმივი მკაცრი კონტროლი. მან უნდა ირწმუნოს, რომ ყველაფერი ის, რაც მასში წარმოიქმნება (მათ შორის მისი ყოველი აზრი) „იბეჭდება“ სამყაროს ინფორმაციულ ველში.
შეიძლება მტკიცედ ვირწმუნოთ, რომ ფიზიკურ სამყაროში არსებობისას ყოველი ადამიანი არაცნობიერად მონაწილეობს ნატიფი სამყაროების ცხოვრებაში. ეს ხდება მეტწილად ფიზიკური სხეულის ძილის დროს. ადამიანს, რომელმაც განიცადა ევოლუცია და განვითარებული აქვს უმაღლესი ცნობიერების ცენტრები, გააჩნია უნარი, ცნობიერადაც მიიღოს მონაწილეობა ნატიფი სამყაროების ცხოვრებისეულ პროცესებში. მას შეუძლია აგრეთვე მეხსიერებაში აღადგინოს ყველაფერი, რაც გადახდა სხვა სამყაროებში ყოფნისას და შეიძინოს ისეთი ცოდნა, რომელიც ხელმიუწვდომელია ჩვეულებრივი, ე.წ. მიძინებული სულის მქონე მიწიერი ადამიანისათვის. ადამიანის ევოლუცია ნიშნავს მისი ყველა სხეულის შერწყმას მის ღვთიურ საწყისთან, არსთან, სულთან (ატმანთან). არსებობს ცნება: ევოლუციური ადამიანი (იგივეა – გამთლიანებული ადამიანი).
მხოლოდ ასეთი ადამიანების მეშვეობით იხსნება კაცობრიობისათვის სამყაროს აგებულების, მასში არსებული კანონზომიერებებისა და მოქმედი კანონების მრავალი საიდუმლოება. სამყაროს ევოლუციის არსი და ბედი, თურმე, ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობაში, ადამიანებისა და გარემოს ურთიერთობაში ძევს. ამის შედეგად ხდება მთლიანი სამყაროს მუდმივი ტრანსფორმაცია, ცხოვრების არასრულყოფილი ფორმების უფრო სრულყოფილით შეცვლა. მხოლოდ ისეთ ადამიანს, რომელიც შეიძენს ცოდნას თავისი ძალების, , ენერგიების, უნარ-თვისებების შესახებ, შეიგნებს და იგრძნობს მათ უტყუარ არსებობას, ხელეწიფება ამ ძალების განვითარება და მათი სწორად გამოყენება. როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ ამ ძალით მას შეუძლია მართოს საკუთარი ბედისწერა, იგი იმასაც გაიაზრებს, რომ უბადრუკობა – სამარცხვინო მდგომარებაა ადამიანისათვის და აუცილებელია აქედან ყველანაირად თავის დაღწევა – ბუნებრივად მოცემული პოტენციური ძალების განვითარება და მათი საუკეთესოდ გამოყენება.
სწორედ ამიტომაა, რომ საუკუნეების მანძილზე ბრძენები და ხელდასმულები მოუწოდებდნენ ადამიანს: „შეიცანი თავი შენი!“, „იზრუნე თვითსრულყოფაზე!“ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანის ცნობიერების, მისი აზრ-ფორმების სრულქმნაზე. „კალაგიას“ თანახმად აზრი და სული წარმოადგენენ მსგავს და სამყაროში არსებულ მრავალსახოვან ენერგიათა შორის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ენერგიებს.
ის, რასაც სული აღიქვავს, აზრში აირეკლება და რაც აზრით მოგვეწოდება – სულში აღიბეჭდება. რასაც სული წარმოქმნის, იმას აზრი ასაბუთებს, მხარს უჭერს და აშუქებს (ნათელს ფენს).
ეზოთერიაში ხშირად იხმარება ცნება „სივრცული ცეცხლი“. სული და აზრი ამ ცეცხლის ორი განსხვავებული გამოვლენა-გამომჟღავნებაა. ისინი პარალელურად იღწვიან, თანამშრომლობენ  და გამოიმუშავებენ რაღაცა ახალს – სუბსტანციას, რასაც „კალაგიაში“ ტანტრას უწოდებენ და განმარტავენ, რომ იგი მატერიის ფუძესა და მის საფარს წარმოადგენს. აღნიშნული ქმედებების შესრულებისთანავე ხდება ამ პროცესში მოქმედი ძალებისა და მათი საქმიანობის განეიტრალება. რჩება მხოლოდ წარმოშობილი აზრ-ფორმა. იგი იწყებს სიცოცხლეს და დამოუკიდებლად ფუნქციონირებას. ანუ, თავისი წარმოქმნელი ადამიანის ნებას აღარ ემორჩილება და არ არის გამორიცხული, რომ მისივე წინააღმდეგ ამოქმედდეს. უფრო სწორად, უმეტეს შემთხვევაში ასეც ხდება. ანუ, ყოველი აზრ-ფორმა საკუთრივ თვითონ ადამიანს უბრუნდება – აზიანებს მას თუ უარყოფითია,  დადებითად მოქმედებს, თუ დადებითია. სწორედ ამიტომაა საჭირო ისეთი  აზრების წარმოქმნა, რომლებიც დამანგრეველ იდეას არ შეიცავენ და მათი მოქმედების შედეგად მათსავე შემოქმედს არ დააზიანებენ.
როგორც ვხედავთ, მხოლოდ ეგოისტური თვალსაზრისითაც კი არ არის გამართლებული საკუთარი ნებისყოფა მიმართო ვერაგული აზრების წარმოქმნისაკენ, დამანგრეველი მოქმედების ჩადენისაკენ, ანუ საკუთარი აზროვნება – უარყოფითი თვისებებით აღსავსე ენერგიების გამომუშავებისაკენ.
სინათლის მატარებელი სულის სივრცე სავსეა ინფორმაციული იდეების კოდით. სუბსტანცია ან მატერია, რომელსაც სიცოცხლეს ანიჭებს სული ან აზრი, მისი დაშლის (ნგრევის) შედეგად კვლავ იქცევა სულის სივრცედ და ამ დროს გამოყოფს მასში მყოფი სულისა და აზრის ცეცხლს. აღწერილი პროცესები და ზოგიერთი სხვა თანხვედრი მოვლენა, ძლიერად მოქმედებენ ადამიანის მყარ სხეულზე, მის ჯანმრთელობაზე.
აზრი მუდმივად უნდა იმყოფებოდეს მოძრავ მდგომარეობაში. აზროვნება ხელს უწყობს ადამიანს მისი პოტენციური ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებასა და გამოვლენაში. „აგნი-იოგაში“ ბევრჯერ არის ხაზგასმული, რომ აზროვნება მხოლოდ მაშინ ამაღლებს ცნობიერებას, როდესაც აზროვნების პროცესი პიროვნებისათვის საყვარელ საქმედ იქცევა.
სუფთად აზროვნება არ არის მხოლოდ ზნეობრივი ცნება. ეს არის მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის რეალური ძალების გამრავლებას, თუმცა, ზნეობრივი კანონი მართავს ყველგან და ყველაფერს. სამყაროსეული კანონების ცოდნა და მათი ცხოვრებაში გატარება საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიული ყოფნის საშუალებას იძლევა. იმედითა და რწმენით აღსავსე მისწრაფება სილამაზის, სიყვარულის, ცოდნისა და შრომისაკენ, ადამიანში იწვევს კვანტური ბუნების ისეთი ველების გენერირებას, რომლებიც აუმჯობესებენ და აყალიბებენ მისი მიწიერი ცხოვრების სინამდვილეს, – ანიჭებენ მას სილამაზესა და ბედნიერებას.
აზრის პოტენციალით ყველა არის დაჯილდოებული, მაგრამ ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს გონივრულად, მეცნიერულად, ანდა გაიფლანგოს ყოველივე არსებულის საზიანოდ.
არსებობს ცხოვრების ისეთი გზა, რომელზედაც სვლისას ადამიანი ხვდება, რომ ბოროტებას სჩადის, დიდ ზიანს აყენებს მთელს სამყაროსა და და მასში მყოფ ყველა არსებას, თუკი ხელს არ უწყობს საკუთარი ფარული პოზიტიური ძალების გამრავლება – განვითარებას.
ადამიანის ევოლუცია შესაძლებელია მხოლოდ მისი კეთილი ნებით, პირადი სურვილითა და ევოლუციისაკენ სწრაფვით. დაინტერესებულ  ადამიანს შეუძლია გამოქვეყნებულ ლიტერატურაში და ინტერნეტში საკმარისი ოდენობით მოძებნოს რეკომენდაციები, რომლებიც გაუადვილებენ მას სულიერი სრულყოფის გზით სიარულს, რათა მან წარმატებით შეასრულოს მისი დედამიწაზე მოვლინების მთავარი დანიშნულება: დაუბრუნდეს ნატიფ სამყაროებს  უფრო განვითარებული, სრულყოფილი, ვიდრე იყო ინკარნაციამდე (დედამიწაზე დაბადებამდე), მოიპოვოს უკვდავება, და შეერწყას უსასრულობას.
დედამიწაზე ცხოვრების პერიოდში ადამიანს სრულყოფისა და ბედნიერად ყოფნისათვის უზომოდ სჭირდება „სულისა შიდა სიმშვიდე“( იხ.სახარება), წონასწორობა. მიწიერი ცხოვრების ორომტრიალში, მის ახლო და ბევრად დაშორებულ დისტანციებზე (სულისათვის ხომ არ არსებობს მანძილი, მითუმეტეს ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონის პირობებში, როდესაც მომხდარ მოვლენებზე ინფორმაციას იგი ღებულობს სხეულის აღქმის ორგანოებითაც (ყური, თვალი, ტვინი), ნებსმიერი მანძილიდან უმოკლეს დროში, (ზოგჯერ მყისიერადაც კი), ხშირად იქმნება ქაოსური, აბსურდამდე მისული ვითარება, რომლის დროსაც არ არის ადვილი მიაღწიო შინაგან წონასწორობას ან შეინარჩუნო იგი, თუ დიდი ძალისხმევის შედეგად, უკვე მოპოვებული გაქვს.
ადამიანში შეჭრილი აზრი, განურჩევლად იმისა, თუ რომელი წყაროდან მოედინება იგი, მასზე გარკვეული სახის ზემოქმედებას ახდენს. მაგალითად, უარყოფითს, თუ სათანადო შინაარსისაა, ანუ ნეგატიურია. იგი ბადებს ეჭვს, შიშს, ბრაზს, გაღიზიანებას და სხვა უარყოფით გრძნობებს. ამის შედეგად წარმოიშობა გრიგალი სულში. რომელ სულიერ წონასწორობაზე შეიძლება  ამ დროს საუბარი?
მიაღწიო აზრებზე, მათ თვისებებზე სრულ კონტროლს – ნიშნავს, რომ არ მისცე მათ საშუალება გამოიწვიონ შენში რაიმე სახის ცუდი მოქმედება (თუ იგი ნეგატიური შინაარსისაა) და შეძლო მათი გაძლიერება, აქტუალიზირება იმ შემთხვევაში, თუ მათ პოზიტიური დატვირთვა გააჩნიათ. აღმოსავლურ იოგასა და ორთაბრძოლების ძირითად შინაარსს სწორედ აზრების ნაკადებისადმი სიფხიზლისა და მათი კონტროლის უნარის აღზრდა-განმტკიცება წარმოადგენს.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეჭვიანობა, გაღიზიანება, დანაღვლიანება,წყენა, შური, უკმაყოფილება, ჟინი, ბრაზი – ყველანაირი ავადმყოფობის საწინდარია. აზრები, რომლებიც იწვევენ სიმშვიდეს, ზომიერ თვითდაჯერებას, ზეიმს, სიხარულს და სიყვარულს, ეს – ის ბალზამია, რომელიც გაანთავისუფლებს კაცობრიობას ყველანაირი ტანჯვისაგან.
„კალაგიაში“ მოცემულია ღრმა აზროვნების დაუფლების ის მეთოდი, რომელსაც ეტაპობრივად და თანმიმდევრულად, წარმოსახვისა და წარმოდგენის ჩართვით, მივყავართ შთაბეჭდილებების მიღებამდე, შემდგომ ფიზიკურ ორგანოებში სათანადო გრძნობების წარმოშობამდე, მათ რეალურ შეგრძნებამდე, ძლიერად აჟღერებამდე. ამას მოყვება სიტყვებით აუწერელი და გამოუცდელი ადამიანისთვის ძნელად წარმოსადგენი ეფექტი. ამ მეთოდის გამოყენების შედეგად ადამიანი იძენს სრულყოფილების მისაღწევად აუცილებელ თვისებებს. მისი ფიზიკური ორგანოები (განსაკუთრებით ტვინი)  განიცდიან ტრანსმუტაციას. ხორციელდება ფიზიკური ქსოვილების შეერთება სულის სხეულის სტრუქტურებთან. ამ დროს კოსმიური ენერგიები ხელს უწყობენ იმის განვითარებას, რაც ვითარდება, და ანგრევენ იმას, რაც ინგრევა. ადამიანში მიმდინარეობს ევოლუცია. მასში ძლიერდება სამშვინველი, მატულობს ცნობიერება და მტკიცდება ნებელობა. ადამიანი ყალიბდება სულიერ არსებად.
აუცილებელია, რომ ადამიანის სულში აზრების სიწყნარე და სიმშვიდე დამკვიდრდეს. ამის მიღწევა სრულიად შესაძლებელია გარკვეული პრაქტიკის გავლის შედეგად. ევოლუციის გზაზე მყოფ ადამიანს აგრეთვე ძალუძს გაითავისუფლოს გული უარყოფითი გრძნობებისაგან და პირველ რიგში – სიძულვილისაგან. ამ გრძნობით აღვსებული ადამიანის გული – ეს ის საზარელი მდგომარეობაა ადამიანის, რომელიც ანადგურებს თვითონ მას და ასევე მის ირგვლივ არსებულ გარემოს. იჭრება შორეულ სამყაროებში და იქაც ტოვებს თავის ნეგატიურ კვალს.
გაძლიერებული სამშვინველი, მომატებული ცნობიერება, გაწმენდილი გული და განმტკიცებული ნებელობა ახასიათებს სულიერი ზრდის გზაზე მავალ ადამიანებს. დაე, იარონ ამ გზით წარმატებით, მიაღწიონ უმაღლეს სულიერებას და, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაიყოლიონ თან. ვირწმუნოთ ყველამ, რომ ეს მოძრაობა კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი გზაა.
დღეს, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს უკვე გაცნობიერებული აქვს ბევრი საკითხი, რომელზედაც ამახვილებენ ყურადღებას „კალაგია“ და ბევრი სხვა ეზოთერული ლიტერატურა და  იცის, რომ სამყაროში მოქმედებენ ძალიან მნიშვნელოვანი ძალები, ენერგიები, არსებები. მაგრამ, ჯერ კიდევ ბევრია დედამიწაზე ურწმუნო და ცოდნას მოკლებული ადამიანი, რომელიც თავისი არასწორი ქმედებებით ამძიმებს საკუთარ სულს და სხვებსაც ბევრს უფუჭებს, კერპად აქცევს მხოლოდ ხილულ მატერიალურ ნივთებს, მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ სხეულს, და მის პირველად მოთხოვნილებებს, მხოლოდ მას ემსახურება და ცუდად მოქმედებს, რადგან ცოდნა აკლია, ნათელს დასცილებია, ბრმა და ბნელ ძალებს დამორჩილებია. სასიამოვნოდ და სასიყვარულოდ შექმნილ დედამიწას აზიანებს თავისი არასწორი ქმედებებით. უხილავ სამყაროებშიც ხშირად იჭრება თავისი არაგონივრული, ზოგჯერ ვერაგული აზრებით, არაკეთილი გრძნობებით. იგი მტერია საკუთარი თავის, მომავალ თაობის, ერის, კაცობრიობის და მთელი სამყაროსი. შევებრძოლოთ პიროვნებების ამდაგვარ გამოვლინებებს.
ეს ბრძოლა , რა თქმა უნდა, საჭიროა იყოს უიარაღო, უმსხვერპლო და არასასტიკი, მაგრამ თავდადებული, მუდმივი, განუწყვეტელი. დაუპირისპიროთ მათ ჩვენი გონივრული ფიქრები, საღი მსჯელობა, კეთილი გრძნობები და სწორი მოქმედება. დავდგეთ ერთად ყველა ღმერთის მორწმუნე, ნათელის სადარაჯოზე. აუკრძალოთ საკუთარ თავს და ერთმანეთს ნებიესსმიერი სიცრუე, სისასტიკე, უხეშობა, უსამართლობა, სიბილწე, კაცთმოძულეობა და სხვა მრავალი, ნათელი პიროვნებებისა და ბრძენების მიერ უარყოფილი ე.წ. ცოდვები.
აი, მაშინ ჭეშმრიტად გაბრწყინდება გარემო და ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობთ და ვეღარ მოგვეკარება მრავალსახოვანი ბნელეთი თავისი ავი ზრახვებითა და მოქმედებებით. მოვინდომოთ ეს ყველამ და სათანადოთ ვიმოქმედოთ. ეს შეიძლება ვაკეთოთ ყოველდღიური ჩვენი საქმიანობის პარალელურად, შრომისა და დასვენების ჟამს, რა წუთსაც კი შევძლებთ უმტკივნელოდ წარვმართოთ ჩვენი ფიქრები სწორი მიმართულებით, ანუ ნათელისაკენ. მოვეხმაროთ ერთმანეთს აზროვნების სტილის და შინაარსის გაუმჯობესებაში. სწორი აზრებით ვებრძოლოთ ვერაგულად მოაზროვნეებს. დავიჯეროთ მტკიცედ და სხვაც დავაჯეროთ, რომ ისინი, ვინც მომხვეჭელობაში, ძალადობაში, მიმტაცებლობასა და სხვა მანკიერებაში არიან გადაჩეხილნი, მხოლოდ ასეთ საქმიანობაში ხარჯავენ საკუთარი აზროვნების საოცარ უნარს, ენერგიას და ძალას, საცოდავნი არიან, უცოდინარნი და უსინათლონი, რადგან არ იციან, რას სჩადიან. ისინი აუცილებლად ინანებენ, მაგრამ გვიან იქნება.
სამყაროში მოქმედ კანონებში ღრმად ჩახედული ეზოთერიკოსები აცხადებენ, რომ ადამიანი დახურული კარმით (ევოლუციური ადამიანი) მჭიდროდ არის დაკავშირებული ღვთიურთან, ამიტომ მისი მისამართით წარმართული აგრესია მუშაობს სამყაროს წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება პირადად ახორციელებს შეტევას, იგი თვითონ აგებს პასუხს ამ ქმედებაზე, მაგრამ თუ მოქმედებს, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი – პასუხს აგებს მთლიანი საზოგადოება. ეს სამყაროსეული კანონი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების ყველა წევრმა.
ასე, რომ, ნათელო სულებო, ვიმოქმედოთ, ნუ ვიქნებით  ჩაკეტილნი ჩვენს თავში, ნუ დავკმაყოფილდებით მხოლოდ თვითგანვითარებით. ვისაუბროთ ჩვენი წმინდა პოზიციებიდან, ჭეშმარიტი სიმაღლეებიდან. ჩქვენ დიდი ძალა გაგვაჩნია და გაბედულად გამოვიყენოთ იგი სიკეთის გამარჯვებისათვის დედამიწაზე. მისაწვდომ ფარგლებში ვებრძოლოთ ადამიანისა და საზოგადოების რომელიმე რგოლის,  ყოველ არანათელ გამოვლინებას,  ჩვენთვის მისაღები და დასაშვები ხერხებით, გზებით, თუ გვსურს სამშობლოს და კაცობრიობის, მათი მომავლის გადარჩენა. გვწამდეს, რომ ღმერთი და ყველა ციური ნათელი ძალა (უაღრესად ძლევამოსილი და ყოვლისშემძლე) მფარველობენ  ადამიანს, თუ იგი მტკიცედ მიჰყვება „ტაძრისაკენ“ მიმავალ გზას.
ოფელია ლომაია (ჟურნ. „ფენომენი“ № 3, 2006 წ.,№8, 2007 წ.)

Комментариев нет:

Отправить комментарий