27 апр. 2016 г.

სამყარო და ადამიანი. ნაწილი 4.


თანამედროვე კლასიკური მეცნიერება სარწმუნოთ არ მიიჩნევს ფაქტებს, რომლებიც მის მიერ მეცნიერული სინამდვილის მიღებულ კრიტერიუმებს არ ესადაგება. თუმცა მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ უარყოფილი არ უნდა იქნეს ეზოთერული გზით მიღებული ცოდნაც.
   ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში ფრანგი ფილოსოფი, ჰუმანისტი მიშელ მონტენი წერდა: „… ჭეშმარიტება თავისთავად იმდენად უკიდეგანოა, რომ ჩვენ არ უნდა უგულვებელვყოთ არც ერთი საშუალება, რომელიც მასთან მიგვიყვანს.“
   მთელი ისტორიული ეტაპების მანძილზე ხდებოდა ადამიანის ცნობიერების შეჭრა ტრანსფიზიკურ სიღრმეებში, ანუ ე.წ. „მიღმიერი რეალობა“ შემოიჭრებოდა ხოლმე ადამიანის ცნობიერებაში და ადამიანი იღებდა რელიგიურ გამოცდილებას.მტკიცება მსგავსი შემეცნების გზის არსებობის შესახებ უნდობლობას იწვევს ამდაგვარი პირადი გამოცდილების არ მქონე ადამიანებში.  იგი არდამაჯერებლად აღიქმება. ამიტომ, კაცობრიობის მნიშვნელოვან ნაწილს, ბუნების სიღრმისეული მოვლენების (რომელიც ჩვეულებრივი თვალით უხილავია) არ სჯერა. მათთვის დაუჯერებელია აგრეთვე ადამიანისა და სამყაროს ევოლუციის ფარული კანონების არსებობა.
   სამყაროს შესახებ ცოდნის გაფართოება და მასში მოქმედი კანონების ცოდნა აუცილებელია კაცობრიობის კულტურის შემდგომი პროგრესისათვის, ადამიანების სულიერი ზრდისა და დედამიწაზე ცივილიზაციის შენარჩუნებისათვის.
     არსებობს ადამიანის მიერ რელიგიური გამოცდილების მიღების მრავალი სახეობა, რომელიც შემეცნების პროცესში მონაწილე სუბიექტებისა და ობიექტების განსხვავებითაა განპირობებული. „ყველა დროის და ყველა ხალხის მისტიკური მატიანეები მოწმობენ, რომ უზენაესი სულიერი ჭეშმარიტება შემეცნებული იყო არა ზედაპირულად, არამედ შინაგანი ჭვრეტის გზით, ხილვების, სიზმრებისა და ა. შ. ფორმით“ – ამბობს მკვლევარი ა. მალცევი
   ამავე მოსაზრებას იზიარებს ინფორმაციის საერთაშორისო და კოსმონავტიკის აკადემიების აკადემიკოსი ლ. მელნიკოვიც. მას მიაჩნია, რომ პრაქტიკულად ყველა დიდი მეცნიერული იდეა და თეორია ყოველთვის წარმოადგენდა არა ადამიანების მკაცრი მსჯელობისა და კრიტიკული საქმიანობის შედეგს, არამედ ინტუიციის, გონების გამობრწყინების, ხილვის გზით მიღებულ რეალობას. ცნობილია შემთხვევები, როცა მეცნიერები მეყსეულად იღებდნენ პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში გულმოდგინედ ეძებდნენ. ფ. კეკულეს დაესიზმრა ფორმულები, დ. მენდელეევს – ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემის ცხრილი, ნ. ბორს – ატომის სტრუქტურა. მეცნიერების წინაშე დასმულ ამოცანებსა და პრობლემებზე ძილის დროს მიგნებული პასუხები ძნელია გონების გამარჯვებად მივიჩნიოთ. ეს – უმალ უზენაესის მიერ გამოწვდილი დახმარების ხელია. (სტატიის ავტორი საკუთარი გამოცდილებით ამაში არაერთხელ დარწმუნებულა.) სამყაროში მოქმედი სამართლიანობის კანონი მოითხოვს, რომ აღნიშნული ფაქტები ყველამ აღიაროს, რათა კაცობრიობა არ იმყოფებოდეს უმადურის როლში.
   თანამედროვე მეცნიერები, დედამიწაზე მიმდინარე მოვლენების შესახებ უცხო სამყაროებიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევებს, ადამიანის – ცნობიერების მონაცემთა მსოფლიო ბანკსა და სამყაროს საინფორმაციო ველზე გასვლად მიიჩნევენ.
   რ. შტაინერი – ფილოსოფოსი და მისტიკოსი, უცხო სამყაროებთან ურთიერთობის მდიდარი გამოცდილების მქონე, სამეცნიერო შრომების 50 ტომისა და წაკითხული ლექციების 300 ტომის ავტორი, წერდა:“განსწავლულობა და მეცნიერული განათლება, სულიერი თვალის, უმაღლესი გრძნობის  გახსნისათვის გარდაუვალ პირობებს არ წარმოადგენს, მაგრამ ამას წინ აუცილებლად უნდა უძღოდეს ადამიანის შემეცნებითი ძალების, იმ უნარის განვითარება, რაც თითოეულ ადამიანში წლობით თვლემს“. მეცნიერის გონებრივი შრომა უდავოდ უწყობს ხელს აღნიშნული ძალებისა და სულიერი ხედვის განვითარებას.
   „ჩვენი ძალისხმევის დასახმარებლად მოქმედი ზოგიერთი ძალა თავის თავზე იღებს ჩვენში აღქმის შესაბამისი ორგანოების განვითარებისათვის საჭირო უზარმაზარ შრომას“, – წერდა დ. ანდრეევი – მისტიკური შემეცნების დიდი გამოცდილების მქონე პიროვნება. იგი გამოყოფს მის მიერ გამოცდილი რელიგიური შემეცნების მეთოდების სამ სახესხვაობას: მეტაისტორიულს, ტრანსფიზიკურსა და სამყაროსეულს. მეტაისტორიული შემეცნების პროცესი სამ ეტაპად მიმდინარეობს. ეს ეტაპებია: მეტაისტორიული გასხივოსნება (დიდი ისტორიული მოვლენების არსის ელვისებური განცდა დაუდგომელი სახეების ფორმით), აღქმული სახეების შინაგანი ჭვრეტა და განცდილის გააზრება. მესამე ეტაპი, დ. ანდრეევის აზრით, დაკავშირებულია გონებასთან და შეცდომებისაგან დაზღვეული არ არის.
   ტრანსფიზიკური მეთოდი  – ეთერული სხეულის ფიზიკური მდგომარეობიდან გასვლაა და მისი მოგზაურობა პლანეტური კოსმოსის უცხო ფენებში. დ.ანდრეევის აზრით, ასეთი მოგზაურობები საკმაოდ ხშირია, ე.ი. ასეთ მოგზაურობას ბევრი ეწევა, მაგრამ ამის შესახებ ხშირად მკაფიო მოგონებები ყოველდღიურ ცნობიერებაში არ რჩება – ისინი მეხსიერების სიღრმეში ილექება. შემეცნების სამყაროსეული მეთოდი წარმოადგენს კოსმოსური ცნობიერების შემოჭრას დედამიწისეულ შრეებში.
   შეიძლება დავეთანხმოთ რელიგიური შემეცნების გზების დ. ანდრეევის მიერ შემოთავაზებულ კლასიფიკაციას, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ უზენაესი სამყაროებისაგან ინფორმაციის მიღების სხვა საშუალებათა არსებობას და განსხვავებული კლასიფიკაციის შესაძლებლობასაც.
   საინტერესოა ცნობილი ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის კ. გ. იუნგის მიერ მიღებული რელიგიური გამოცდილება. სამოცდა ცხრა წლის ასაკში, მას, ფეხის მოტეხვის შემდეგ, ინფარქტი დაემართა, რის შედეგადაც იგი სიკვდილის პირას აღმოჩნდა. სხეულიდან გამოსულმა მისმა სულმა (ალბათ რომელიმე ნატიფ სხეულთან ერთად) დაიწყო გადაადგილება სივრცეში. მან იხილა დედამიწის სფერო კოსმოსიდან. შემდეგ იგი აღმოჩნდა უცხო სამყაროში და იქ შეხვდა ტაძრის უფროსს, რომელმაც მითითება მისცა იმის სესახებ, რომ იგი აუცილებლად უკან დედამიწაზე უნდა დაბრუნებულიყო. ავადმყოფობის დროს მას სხვა ხილვებიც ეწვივნენ. გადატანილი განცდების შედეგად გ. იუნგი დარწმუნდა სულის უკვდავებაში. მისი ბოლოდროინდელი ნაშრომები უპირატესად რელიგიურ – ფილოსოფიური ხასიათის გახლდათ. იუნგის მეცნიერული შრომის შედეგი წარმოადგენს მისი დაბეჭდილი შრომების 20 ტომი.
   იუნგის სწავლების თანახმად, ადამიანის მენტალურ სტრუქტურაში არსებობს ე. წ. არაცნობიერი ნაწილი, რომელსაც ჩვენ მხოლოდ უმნიშვნელო კონტროლს ვუწევთ. მასში თავს იყრის შთაბეჭდილებები, შეგრძნებები, აზრები და თვით დასკვნებიც კი, რომლებიც  ჩვენ შეცნობილი არა გვაქვს. ისინი აღიქმება ჩვენი ცნობიერების მიღმა, შემდეგ კი ფოკუსირდება და არაცნობიერის დონიდან ამოცურდება ცნობიერების დონემდე, როგორც სულიერი სამყაროს ზეშთაგონება.
   ადამიანის მიერ ბუნებასთან კავშირის დაკარგვა ჩვენი სიზმრების სიმბოლოებით კომპენსირდება. ჩვენ არაცნობიერიდან ყოველ ღამეს ვიღებთ სიგნალებს. სიზმარი და მისი სიმბოლიკა უთავბოლო უაზრობა როდია. კაცობრიობის კულტურის განვითარების მთელ პერიოდში ბევრი მასალა (ძირითადად ეზოთერული ხასიათისა) დაგროვდა ადამიანის ორგანიზმის რთული შემადგენლობის და აგებულების შესახებ.
   ქვემოთ შემოქთავაზებთ ჩემს – სტატიის ავტორის, საკუთარი მისტიკური შემეცნების ზოგიერთ გამოცდილებას. ისინი ერთხელ კიდევ ადასტურებენ  ადამიანის ნატიფი სხეულების (რომელთა დანახვა ჩვეულებრივ შეუძლებელია ფიზიკური ინსტრუმენტებით შეიარაღებული თვალითაც კი) არსებობას; მეტყველებენ ნატიფი სამყაროებისა და სიცოცხლის განსხვავებული ფორმების (არა ცილა – ნუკლეიდურის) არსებობაზე; ამტკიცებენ ეზოთერულ ლიტერატურაში უხვად მოყვანილ და დამკვიდრებულ აზრს, სამყაროში მოქმედი ზნეობრივი კანონების ჭეშმარიტად არსებობის და მათი დაცვის აუცილებლობის შესახებ (რადგან მათი დარღვევა იწვევს ადამიანების პირად ტრაგედიებს, ბუნების ლოკალურ და გლობალურ კატაკლიზმებს).
   ავტორის ჩანაწერებიდან: „ჯერ კიდევ სასკოლო ასაკში (დაახლოვებით 15 წლის ვიქნებოდი), ამეხილა თვალი მიღმური რეალობის არსებობაზე. კარგად მახსოვს, რომ ვიმყოფებოდი სახლში. ღრმად ჩაფიქრებულ, ინერტულ მდგომარეობაში ვიყავი, ჩემს ხელებს დავსცქეროდი და რაღაცაზე ვფიქრობდი. უცებ უნებურად  ხელის ერთერთი თითი  ავამოძრავე და დავინახე მის გვერდით, ისეთივე ზომისა და ფორმის თითი. იგი წყალგარეული რძის ფერი,  ნისლისებური კონსისტენციის იყო, მეტისმეტედ წვრილ-მატერიალური. მან გაიმეორა ფიზიკური თითის მოძრაობა და მასში შევიდა. გავიმეორე მოძრაობა და ყველაფერი გამეორდა. მახსოვს, რომ გაოგნებისა და შიშის გრძნობა დამეუფლა და შევწყვიტე მოქმედება.
   რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აღწერილი მოვლენა განმეორდა, მაგრამ მარცხენა ხელის მტევანთან დაკავშირებით. მთელი ეთერული ხელის მტევანი ფიზიკური ხელის მოძრაობას ჩამორჩებოდა და ის ნათლად და მკაფიოდ ჩანდა მანამდე, სანამ ფიზიკურ სხეულში შევიდოდა. მე რამდენჯერმე გავიმეორე ხელის ანალოგიური მოძრაობა და ყველაფერი ზუსტად განმეორდა. მახსოვს, რომ გაოგნებული ვიყავი მომხდარით და დამეუფლა ერთგვარი შიშის გრძნობა. მივხვდი, რომ რაღაცა „ზებუნებრივი“ მოვლენის მონაწილე და მხილველი გავხდი. შევწყვიტე ის ჩემი უნებლიე „ექსპერიმენტი“ და ვეცადე ამაზე აღარ მეფიქრა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ხშირად მახსენდებოდა და მაფიქრებდა. წინ კი უფრო გრანდიოზული და შთამბეჭდავი მოვლენა მელოდებოდა.
   ეს იყო ჩემი შიდა „მე“- ს გარე , მკვრივი ფიზიკური სხეულიდან გამოსვლის ეპიზოდი. მაშინ უკვე ვიქნებოდი დაახლოვებით ორმოცდა ათი წლის ასაკის. ღამე იყო, ოჯახში ყველას ეძინა. მე ჩემს ოთახში ეზოთერულ ლიტერატურას ვკითხულობდი. უცებ ჰაერზე გასვლის სურვილი გამიჩნდა , შევწყვიტე კითხვა და ეზოში გავედი. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. ცოტახანს აღფრთოვანებული ვუყურე ამ თვალწარმტაც სილამაზეს და მოხდა საოცრება – მთელი ცა აივსო პაწია ფერადი ვარსკვლავებით, რომლებიც ლამაზად ციმციმებდნენ, ერთმანეთის მიყოლებით ფერხულს უვლიდნენ –  სწრაფად მოკლე მანძილზე გადაადგილდებოდნენ, სხვადასხვა მიმართულებით იტოტებოდენ და მრავლდებოდნენ. ეს იყო  გაცოცხლებული ცისა და უთვალავი მოძრავი ფერადი ვარსკვლავების, სიტყვებით ძნელად ასაწერი, თვალწარმტაცი სურათი. ამ ყველაფრის ცქერით გატაცებული, მე წამიერად შევიგრძენი და შემდგომ დავინახე, თუ როგორ მიჰქროდა დედამიწა უკიდეგანო კოსმოსის წყვდიადში. ამავდროულად რაღაცა ძალამ მომწყვიტა დედამიწას და მაღლა ამიტაცა. მე ვიგრძენი ჩემი საკუთარი სწრაფი გადაადგილება სივრცეში,  დიდი სიმაღლიდან დავინახე დედამიწა, იმწამსვე დავბრუნდი უკან და შეუერთდი ჩემს ფიზიკურ სხეულს, რომელიც ჩემს ეზოში იდგა (სავარაუდოდ ეთერულ და რომელიმე სხვა სხეულთან ერთად).
   ცას ავხედე. იქ იგივე სილამაზე დამხვდა. მახსოვს როგორი  აზრები გამიელვა თავში: „დედამიწა ორბიტას ხომ არ მოწყდა?“,  „მეტეორიტების მტვერი ხომ არ შემოიჭრა ატმოსფეროში?“, „ან, იქნებ კუდიანი კომეტა…?“. ის მთავარი მოვლენა, რაც მოხდა – ჩემი გამოსვლა სხეულიდან და ატმოსფეროს მაღალ ფენებში ყოფნა (შესაძლოა უფრო მაღლაც)- ჯერ გააზრებული არ მქონდა. ბოლომდე ვერ მივხვდი, რაც თავს გადამხდა. თვალი მოვაცილე ცის სილამაზეს, თავი დავხარე და გაურკვევლობით გამოწვეული შიშის შეგრძნებით თავი შევაფარე სახლს, ლოგინს მივაშურე და შევეცადე მომხდარზე აღარ მეფიქრა.
   ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში, ძილის დროს, არაერთხელ მოვხვედრილვარ კოსმოსში. მოვინახულე სხვა პლანეტებიც, შევაღწიე იმქვეყნიურ სამყაროში. შევხვდი ცნობილ ისტორიულ პიროვნებებს, გარდაცვლილ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეზობლებს, თანამშრომლებსა და უცნობ ინდივიდებს. მათთან ურთიერთობით მივიღე ინფორმაციები უცნობი სამყაროების ზოგიერთი საიდუმლოების შესახებ. მომაწოდეს ცნობები საკუთარი და საზოგადოების ცხოვრების მიმდინარე და მოსალოდნელი მოვლენების შესახებაც. „ის, რასაც თქვენ ეძებთ, იქაა“, – მითხრა სიზმარში ჩემი ოჯახის გარდაცვლილმა წევრმა. ჩემს გაკვირვებულ შეკითხვაზე, თუ საიდან იცის მან, რომ ჩვენ რაღაცას ვეძებთ, (ნაცვლად პრაქტიკული დასაზუსტებელი შეკითხვისა  – „სად არის?“) – მან მიპასუხა: „ჩვენ აქ ყველაფერი ვიცით“. ჩემი განმეორებითი თხოვნის შემდეგ: „მითხარი რა , საიდან იცით?“, მან თითი მიიდო ტუჩებზე , დიდ მანძილზე გადაინაცვლა და გაქრა.
   იმქვეყნად მყოფ ახლობელ სულთან კონტაქტი გახლდათ , მკაფიო, ხატოვანი და ძლიერ შთამბეჭდავი. სიზმრად განცდილმა გრძნობებმა და მიღებულმა ინფორმაციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ჩემზე და გარკვეულწილად განაპირობეს ჩემი რელიგიური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება.
   ე.ბლავატსკაიას „საიდუმლო დოქტრინა“- ში მოყვანილი აქვს ასტრონომებისა და ფიზიკოსების მიერ წარმოდგენილი ჰიპოთეზები პლანატების წარმოშობის, მათი ასაკის, ბრუნვის მიზეზისა და სხვათა შესახებ. ისინი წარმოაჩენენ ზემოაღნიშნული საკითხების ირგვლივ მეცნიერთა შორის არსებულ უთანხმოებას. „ეს საიდუმლოება ფიზიკის პროკრუსტეს სარეცელია“ – ამბობს ხსენებული წიგნის ავტორი პლანეტების მოძრაობის შესახებ არსებულ შეკითხვებთან დაკავშირებით და შემდეგ კითხვითვე განაგრძობს:: „რა სახითაა შესაძლებელი ასეთი რთული მრავალსახოვანი, ჰარმონიული და გაწონასწორებული მოძრაობის ახსნა უბრალოდ მის საკუთარ, მხოლოდ მისეულ ძალის მოქმედებით?“ შესაძლებელია, რომ ჩემი სიზმარი, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ, სწორედ ამ თემას ეხებოდეს.
   მე ვბრუნდებოდი კოსმოსიდან და დედამიწა ძალიან დიდი სიმაღლიდან დავინახე. მის ზედაპირზე რაღაცა მილის მსგავსი მხები გადიოდა, რომელიც დედამიწასთან შეხების ადგილიდან ორივე მხრივ უსასრულობაში გრძელდებოდა. იმავე ჰორიზონტალურ სიბრტყეში, დედამიწიდან რამდენადმე მოშორებით მოჩანდა მეორე – ზუსტად პირველის იდენტური და მის პარალელურად განლაგებული „მილი“. შემდეგ ეს სურათი გაქრა, რადგან მე აღმოვჩნდი „მილში“. სწრაფი მოძრაობით (ვერტიკალურად, ზემოდან ქვემოთ) გადავლახე მილში , ჩემი მოძრაობის პერპენდიკულარულად სხვადასხვა მანძილზე გადაჭიმული სამი ბადისებური სიბრტყე – დისკო. მათთან მიახლოვებისას ყოველთვის მეუფლებოდა მსუბუქი შიშის გრძნობა, იმის გამო, რომ დისკოზე დაცემისას ტკივილი არ მეგრძნო, ან არ დავშავებულიყავი. შემდეგ შვება ვიგრძენი, რადგან მათი გადაკვეთა უვნებელი და უმტკივნეულო აღმოჩნდა.
 მესამე დისკოს გავლის შემდეგ მე დავინახე ახლოს მდებარე დედამიწის ზედაპირი, რამდენიმე წამით შევჩერდი ერთ სიმაღლეზე, გადავხედე ლანდშაფტს და დავიმახსოვრე იგი. აგრეთვე ვნახე სამი ერთნაირი ზომისა და ფორმის თვითმფრინავი, რომელიც ერთდროულად გაჩნდა ტყის თავზე, ჩემს წინ გადაიფრინეს ტყე (ეტყობოდათ, რომ ახალი აფრენილები იყვნენ ახლო მდებარე ასაფრენი მოედნიდან). მე მათ თვალი გავაყოლე, მერე თვითონაც გავფრინდი იმავე მიმართულებით. ყველაფერი გაქრა თვალის ხედვიდან და გავიღვიძე ჩემს ლოგინში. მომხდარი და ნანახი გავაანალიზე და გარკვეული დასკვნებიც გამოვიტანე. განვლილი წლების მანძილზე ხშირად ვიხსენებდი ჩემი ცხოვრების ამ ეპიზოდს. ვცდილობდი სწორი ანალიზი და სათანადო დასკვნები გამომეტანა აღნიშნულ მოვლენიდან. პრესაშიც გამოვაქვეყნე, მაგრამ არავის გამოუჩენია ინტერესი ამ მოვლენის მიმართ.
   ჩატარებული ანალიზის შედეგად შემდეგი დასკვნა გამოვიტანე: 1. ჩემ მიერ დანახული დედამიწის მხები მილი იყო ის, ჩვეულებრივი, თვალით უხილავი, წმინდამატერიალური წარმონაქმნი, რომელიც არის დედამიწის, თავისი ღერძის ირგვლივ ბრუნვის და ამავდროულად მზის ირგვლივ ორბიტაზე გადაადგილების უზრუნველმყოფელი ძალა (მისი – ამ  ძალის ადგილსამყოფელი). მეორე მილი, რომელიც პირველის პარალელურად იყო განლაგებული, მარსის ან ვენერას ორბიტა იყო;  2.პლანეტების მოძრაობის ორბიტები – ბუნებაში რეალურად არსებული მზის სისტემის მექანიკის ( ციური მექანიკის) მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ქმნილებაა. 3.ადამიანის ნატიფი სხეულების კოსმოსში ან სხვა განზომილებაში დედამიწიდან გამგზავრება და მათი უკანვე დაბრუნება ხდება დედამიწის მხოლოდ ერთ პუნქტიდან – მისი ორბიტასთან შეხების ადგილიდან; 4.იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს კოსმოსში ან სხვა განზომილებაში თავისი წმინდა-მატერიალური სხეულებით გადასვლა, მას უნდა ჰქონდეს მიღწეული ამ სხეულების სათანადო სიწმინდე, რათა შეძლოს  წმინდამატერიალურ სამყაროებში შეღწევა.
    ვფიქრობ, რომ ზემოთ მოყვანილი დასკვნები  შეიძლება გათვალისწინებული იქნეს მეცნიერთა მიერ პლანეტების თავისი ღერძისა და მზის გარშემო ბრუნვის შესახებ ახალი ჰიპოთეზების წამოყენების დროს.
   პრაქტიკამ ცხადყო, რომ უცხო სამყაროების მობინადრეებთან კონტაქტი ღვიძილიდან ძილზე გადასვლის მომენტში და პირიქით (ძილიდან ღვიძილზე გადასვლისას) უფრო გაადვილებულია. მეცნიერული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო ახორციელებს ლოგიკურ აზროვნებას, მარჯვენა კი – ინტუიტიურს. იმ მდგომარეობაში, რომელშიც ცნობიერება იმყოფება ჩაძინების და გაღვიძების მომენტში, მიმდინარეობს ლოგიკურის და ინტუიციურის ერთგვარი სინთეზი, რაც  რაღაც სიახლეს წარმოქმნის. ცნობიერება გადადის სხვა განზომილებაში. აღწერილ მოვლენას ვირტუალურ მდგომარეობას უწოდებენ. როგორც ცნობილია, სიტყვა „ვირტუალური“ ლიტერატურაში პირველად ჰაიზენბერგმა შემოიტანა, როცა აღწერდა ნაწილაკებს, რომლებიც ექსპერიმენტების ჩატარების დროს წარმოიქმნებოდა და წარმოქმნისთანავე უჩინარდებოდა.
   ავტორის ჩანაწერებიდან:
   ხშირად ჩაძინებისა და გაღვიძების მომენტში მე მესმოდა მოკლე ფრაზები ან ვხედავდი დაბეჭდილ მოკლე ტექსტს, რომელშიც ესა თუ ის შეტყობინება იყო გადმოცემული. ტექსტი შეიცავდა მკაფიოთ ჩამოყალიბებულ აზრს და საჭირო ინფორმაციას, სასარგებლო რჩევას, ჩემი რაიმე მოქმედების  სისწორის დადასტურებას, გამხნევებას და ა. შ. ზოგიერთი მათგანი ეხებოდა მეცნიერების გარკვეულ სფეროს. უცხო სამყაროების მობინადრეთა მხრიდან ჩემდამი დამოკიდებულება ძირითადად მეგობრული იყო.
   მედიტაციის მდგომარეობაში, რომელიც ზოგჯერ სპონტანურად წარმოიქმნებოდა ხოლმე ამა თუ იმ საკითხებზე ღრმად ჩაფიქრების დროს, მე ვხედავდი ჩემი თვალებიდან ტალღისებრ და სხივისებრ გამონათებას, ვამჩნევდი ვიბრირებულ ოსცილატორის მსგავს ნათელ, ოქროსფერ წარმონაქმნებს. ჩემს ირგვლივ დროდადრო ჩნდებოდა ღია ყვითელი ფერის ერთგვარი სფერო, სავსე სივრცეში თანაბრად გადანაწილებული მოთეთრო – მოყვითალო ფერის ოსცილატორებით. მოდუნების მდგომარეობაში ყოფნისას დახუჭული თვალებით მე ხშირად ვხედავ ნათელ ეკრანს, მასზე მოძრავ სხვადასხვა ფერის ტალღებს და ვამჩნევ რეგულარულად განმეორებად ყვითელი ფერის ციმციმს.
   ზემოთ მოყვანილი ფაქტების (რეალობის მისტიკური შემეცნებით მიღებული ცოდნის) საფუძველზე, შეიძლება გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნა. უდავოა, რომ ადამიანი რთულ სტრუქტურას წარმოადგენს. ფიზიკურ სხეულში არსებობს სხვა, ჩვეულებრივი თვალით უხილავი სხეულები, უცხო თვისებებითა და ფუნქციებით აღჭურვილნი. მათ შეუძლიათ დამოუკიდებელი არსებობა (ცხოვრება და მოქმედება) უმეტესწილად ადამიანის ძილის დროს და ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ.
   ადამიანის მიწიერ პირობებში ცხოვრებისას, მათ არ შეუძლიათ დიდი ხნით მიატოვონ ფიზიკური სხეული, მისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ამიტომ მასთან კავშირს განაგრძობენ და საჭიროების შემთხვევაში მყისვე ბრუნდებიან. ფიზიკური გონება ნატიფი სხეულების ცნობიერებიდან ხშირად ვერ იღებს ძილში მიღებულ ცნობებს რეალობის განსხვავებული აღქმის შესახებ. ამიტომ ადამიანი გაღვიძების შემდეგ ძილში განცდილს ყოველთვის ვერ იხსენებს.
   ყოფიერება  მრავალგანზომილებიანია და მრავალსახოვანია. თავისი თვისებებისა და შინაარსის მიხედვით არსებობს რეალობის (სამყაროს)  სხვადასხვა დონე. ინდივიდის ცხოვრება სიკვდილის შემდეგ გრძელდება იმ დონეზე, რომლისთვისაც იგი მოემზადა დედამიწაზე ცხოვრების დროს. ადამიანი ფიზიკური სხეულის გარეშე, ნატიფი სხეულებში არსებობისას, ინარჩუნებს ხსოვნას განვლილი ცხოვრების შესახებ. აგრეთვე  ინარჩუნებს გრძნობის, აზროვნების, ცნობიერების, სხვებთან ურთიერთობის, მოქმედების და შემოქმედების უნარს. შესაძლებელია მრავალი ახალი უნარის შეძენაც, ისეთის, რომელიც რეალურ სინამდვილეში ცხოვრებისას მას არ გააჩნდა. ნამდვილ რეალობაში იგი ცხოვრობს სრული ცხოვრებით.
   დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების ნაწილი გარდაცვალების შემდეგ რეალობიდან ქრება. მათი ნატიფი სხეულები თანდათანობით იშლება. ისინი ამ დროს განიცდიან ტკივილს, შიშს და სინანულს მომხდარის გააზრების შედეგად. (ესაა ჯოჯოხეთი, რომელიც არაერთხელაა აღწერილი ლიტერატურაში და ასახული ხელოვნებაში).
   ექსპლიციტურ (გამჟღავნებულ) რეალობაში ცხოვრება ადამიანის ყოფიერების მნიშვნელოვანი რგოლია და იგი მისი კანონების შესაბამისად უნდა იქნეს განვლილი. ადამიანების მიერ განცდილი მრავალი ტრაგედია, ხალხების, სახელმწიფოებისა და ცივილიზაციების გაქრობა – იმ ადამიანების უწესრიგო ცხოვრების, არასწორი  აზრების, გრძნობებისა და მოქმედებების შედეგს წარმოადგენს, ყველაფერ იმის შედეგს, რამაც ბუნებაში დიდი დისჰარმონია შეიტანა.   მონასტრებსა და ეკლესიებში ჩატარებული ლოცვები და პარაკლისები რამდენადმე ახდენენ იმ ბოროტების კომპენსირებას, რომლის ჩადენამაც ადამიანები განვითარების სწორ გზას ააცდინა.
ავტორის ჩანაწერებიდან:
   ძილის დროს, სიზმარში მე თბილისის თავზე გადაჭიმულ მწვანე მდელოზე ვიდექი. ჩემს წინ დედამიწის ზედაპირის ერთგვაროვანი არე იყო გადაშლილი. იგი მთავრდებოდა ციდან ჩამოშვებული გამჭვინვარე ფარდით. ფარდის მიღმა მოჩანდა სამი მრავალსართულიანი შენობა. უცებ  ბოლო შენობამ დაიწყო ნგრევა. მას მოჰყვა მეორე შენობის ჩამოქცევა – შემდეგ კი – მესამისაც. მე დავინახე მტვრის სვეტები და დედამიწაზე ჩამოყრილი ნანგრევები. ძალიან განვიცდიდი მომხდარ ამბავს. ვგრძნობდი და ვამჩნევდი როგორ უახლოვდებოდა თბილისს, მოვლენების განვითარების ადგილიდან, რაღაცა უხილავი და მრისხანე ძალა.
   ჩემი ყურადღება მიიქცია ცაზე გამოჩენილმა მუქი ფერის წერტილმა, რომელიც სწრაფად მოიწევდა წინ ჩემსკენ და სულ უფრო ფართოვდებოდა. ბოლოს გამოიკვეთა ადამიანის ფიგურა, რომელიც შევიცანი. ეს იყო გეოფიზიკის ინსტიტუტის, ჩვენი ყოფილი თანამშრომელი, ერთერთი განყოფილების გამგე, რომელიც 1977 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ჩემს გვერდით დაეშვა, სახელით მომმართა და მითხრა: „ხედავ, ოფა, რა ხდება ბუნებაში, ადამიანებმა კი ჭკუა მაინც ვერ ისწავლეს“-ო. ეს სიზმარი, რომელიც 1988 წლის გაზაფხულზე ვნახე, წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. იმავე წლის 7 დეკემბერს მოხდა ე.წ. სპიტაკის მიწისძვრა, რომელმაც საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე სამი ქალაქი მთლიანად დაანგრია და მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
   ეს იყო მითითება იმის შესახებ, რომ მიწისძვრებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების არსებითი მიზეზი ადამიანთა უგუნური ცხოვრებაა. ამასთან დაკავშირებით გვახსენდება შ.ცვაიგის სიტყვები ერთერთ  მის ნაწარმოებიდან: „თვითონ ბუნებაც კი აღშფოთებულია ადამიანის მძვინვარების გამო“.
   მეტად ამაღელვებელი იყო აგრეთვე 2003 წელს ნანახი სიზმარი.
   ავტორის ჩანაწერებიდან:
2003 წლის 5 იანვარს გაღვიძებისას შემომესმა ფრაზა: „ჩვენ თქვენ გასწავლით, თქვენ კი სხვას ასწავლეთ“. 7 იანვარს ძილში ვიხილე ჩვენი პლანეტა კოსმოსში. მას ქვემოდან ვუყურებდი, ისე როგორც ჩვეულებრივ დედამიწიდან ვუყურებთ მთვარეს, ოღონდ შედარებით უფრო ახლო მანძილიდან (მასზე მკაფიოთ ჩანდა კონტინენტების კონფიგურაციები. უეცრად მასზე , ზედაპირის მთელ სიგრძეზე გაჩნდა ნაპრალი. შემდეგ ჩვენი პლანეტა უფრო ახლოდან დავინახე. ამჯერად მას ზემოდან დავყურებდი. ნაპრალი მნიშვნელოვნად განიერი იყო. სივრცეში კიდევ ერთხელ გადაადგილების შემდეგ, მე აღმოვჩნდი პლანეტისგან გარკვეული მანძილით დაშორებული, მაგრამ ისევე დედამიწას ზემოდან დავყურები  (ცოტათი უფრო მაღლიდან). ამ უკანასკნელ პოზიციიდან მკაფიოთ დავინახე, რომ  პლანეტის ორივე ნახევარი ერთამეთისგან სრულიად დაცილებული იყო და კავშირს ისინი მხოლოდ მათ შორის არსებული საერთო მუქი ფერის დიდი ბირთვის მეშვეობით ინარჩუნებდნენ.
   მახსენდება აღწერილი სურათის ხილვისას ჩემში აღძრული  აზრები: „შეძლებს კი დედამიწა ასეთ მდგომარეობაში თავის არსებობის შენარჩუნებას, თუ ნაწილებათ დაიშლება? შესაძლებელი იქნება თუ არა მათზე სიცოცხლე? მე სერიოზულმა შეშფოთებამ შემიპყრო კაცობრიობის მომავლის გამო. გადავწყვიტე, რომ დედამიწის მცხოვრებთათვის მიმემართა, რათა მათ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში და ცხოვრებაში მკაცრად დაეცვად ღმერთის მიერ კაცობრიობას არაერთჯერ შემოთავაზებული ზნეობრივი ნორმები. მიმართვის წერილი ჯერ კიდევ ბოლომდე გამზადებული არ მქონდა, როცა ერთხელ დილით გაღვიძებისას გავიგონე ფრაზა: „რატომ არ ბეჭდავ?“ მე სასწრააფოთ დავასრულე  წერილი, გადავთარგმნე რუსულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე და შეძლებისდაგვარად შევეცადე მისი გავრცელება.
   იმავე წლის 28 თებერვალს კიდევ ერთი  შემაშფოთებელი სიზმარი მესიზმრა. მე ვიდექი დანგრეული შენობის ნამსხვრევებისგან წარმოქმნილ მაღალ ბორცვზე. ირგვლივ არსად არცერთი  შენობა თუ სულიერი არ ჩანდა. ღრუბლებს ნაწილობრივ მოფარებული მზე ვიწრო ზოლებათ მოჩანდა. მან უცებ ადგილზე დაიწყო რხევა აღმოსავლეთ – დასავლეთის მიმართულებით. მერე აღმოსავლეთისკენ გაემართა. გავიფიქრე: „რა ხდება? მზე ხომ აღმოსავლეთისკენ არასოდეს მოძრაობს?…ამასობაში მზე ღრუბლებიდან გამოვიდა და გაჩერდა. შემდეგ სწრაფად დასავლეთისაკენ გაქანდა და ჰორიზონტს მოეფარა. ცოტა ხნის შემდეგ ჩასვენების ადგილიდან მოშორებით (ჩრდილოეთისკენ გადაადგილებული), მაღლა ჰორიზონტის თავზე, მოკრიალებულ ლურჯ ცაზე გამობრწყინდა და დაიწყო მოძრაობა ჩემკენ – სამხრეთ – სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით.
   “აგნი იოგაში” ნათქვამია:“სიზმრები და გამოცხადებები (მოჩვენებები) – სასწაული არაა,  მაგრამ სიცოცხლის ზაფია – მომავლის არსის ისეთი შემეცნებაა, რომელიც საშუალებას იძლევა არ შევეხოთ  კარმას, ხოლო ჭეშმარიტი წინასწარმეტყველება ითვალისწინებს შესაძლებლობათა საუკეთესო  კომბინაციას, მაგრამ ეს შესაძლებლობები შეიძლება ხელიდან გავუშვათ.
   გამოჩენილი თანამედროვე მეცნიერი , ბიოქიმიკოსი და ბიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი  ჟ.მონო, ბუნების სამყაროში ადამიანის გაუცხოების შესახებ ამბობს: „ადამიანი… ცხოვრობს მისთვის უცხო სამყაროში, რომელიც ყრუა მისი მუსიკისადმი, გულგრილია მისი იმედების მიმართ, ისევე როგორც მისი ტანჯვა-წამების მიმართ…“ ი. პრიგოჟინს და ი. სტაინგერს ამ მხრივ სრულიად საწინააღმდეგო შეხედულება აქვთ: „თანამედროვე გამოკვლევებს ბუნების სამყაროსთან ადამიანის   დაპირისპირებისაგან სულ უფრო შორს მივყავართ“.
   მე, ჩემ მიერ მიღებული რელიგიური გამოცდილების საფუძველზე, მთელი პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ ბუნება და ზესამყაროები გულგრილი არაა დედამიწაზე მცხოვრები  ადამიანების გრძნობების, აზრებისა და მოქმედების, მათი იმედების მიმართ. ისინი თანაუგრძნობენ ადამიანებს დედამიწაზე მომხდარ და მიმდინარე დანაშაულობათა გამო. მაგრამ ადამიანები  არ იცვლიან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ძნელად იცვლიან თავიანთი ცხოვრების წესს, აზროვნების სტილს და სივრცეში გავრცობილ გრძნობათა გამას, , რაც  უარყოფით გავლენას ახდენს მათ ბედისწერაზე. სამყაროს, უმაღლესი სამყაროების ბინადრებს სურთ, რომ დედამიწაზე დამკვიდრებული ურწმუნოება რწმენით შეიცვალოს, იმედგაცრუება – იმედით, სიძულვილი – სიყვარულით. ყველა უარყოფითი ემოცია უნდა შეცვალოს დადებითმა ემოციამ.
   დედამიწამ თავისი მაცხოვრებლებთან ერთად არ უნდა შეაფერხოს სამყაროს ევოლუცია დიდი რაოდენობით უარყოფითი ენერგიების გამომუშავების გამო. პირიქით, უნდა იმატოს დედამიწაზე მაღალი ენერგიების გამოყოფის რაოდენობამ. ამ შემთხვევაში იგი თავს დააღწევს კატასტროფებს და განადგურებას. ამ საქმეში დიდი როლის შესრულება შეუძლია მეცნიერებას, მთელი თავისი ცოდნის უზარმაზარი პოტენციალით, ყოველთვის უფრო მეტ შემეცნებისადმი მისწრაფებით და მსოფლიო საზოგადოებრიობაში დამსახურებული ავტორიტეტით.
   მეცნიერების მიერ ფუნდამენტური ურთიერთქმედების მეხუთე ტიპის (ინფორმაციული), ფიზიკური ვაკუუმის და ტორსიული ველების აღმოჩენა, მეცნიერული თანასაზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ აბსოლუტისა (შემოქმედის) და ფაქიზი სამყაროს არსებობის აღიარება, ერთგვარი ოპტიმიზმის საბაბს იძლევა.
   რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსს ა.ე. აკიმოვს მიაჩნია, რომ ტორსიული ტექნოლოგიების შექმნა მიწიერი ცივილიზაციებისათვის აპოკალიფსურ სცენარს გამორიცხავს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ კაცობრიობის ისტორიაში მეცნიერების გრანდიოზული მიღწევების არამიზანშეწონილი გამოყენების შემთხვევებიც აღინიშნებოდა და ამიტომ საეჭვოა, რომ ტორსიული ტექნოლოგიებიც ყოველთვის სწორად იქნეს გამოყენებული.
   ვფიქრობთ, რომ უფრო დედამიწის მოსახლეობის საღად მოაზროვნე ნაწილის იმედი უნდა გვქონდეს, იმ კეთილი ნების ადამიანების, რომლებიც მოინდომებენ მათთვის თავდაპირველად  დამახასიათებელი სულიერება ააღორძინონ. ადამიანებს შეუძლიათ მოახდინონ თავიანთი აზრებისა და გრძნობების ორგანიზება, წარმართონ ისინი ისე, რომ აღადგინონ ჩვენი ცივილიზაციის მიერ დარღვეული სამყაროსეული ჰარმონია.
   ადამიანების მიერ საკუთარი ტორსიული ველების, კვანტური გამოსხივების სათანადო გამოყენება – აპოკალიფსის თავიდან აცილების ერთადერთი გზაა.
                                                        ოფელია ლომაია. („ფენომენი“ №1(24)б 2006 წ. და სხვა წყაროები).

Комментариев нет:

Отправить комментарий