27 апр. 2016 г.

რა არის სული და სულიერება




კაცობრიობის მოწინავე და მოაზროვნე ნაწილს მიაჩნია, რომ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის შენარჩუნების და ბედნიერი ცხოვრების დამკვიდრების წინაპირობაა ადამიანთა სულიერების ამაღლება. სიტყვა „სულიერება“ ხშირად იხმარება (ადამიანთან დაკავშირებით) მხატვრულ ლიტერატურაში, ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ შრომებში, თეოლოგიაში, ეზოთერულ შრომებში. ჩამოყალიბებული განმარტება ამ სიტყვისა, ფართო აუდიტორიისათვის ისეთ ადვილად ხელმისაწვდომ წყაროებში, როგორიცაა, მაგალითად, განმარტებითი ლექსიკონები და ენციკლოპედიები, არ არის მოცემული. როგორ აიმაღლოს სულიერება რაციონალურ აზროვნებას  მიჩვეულმა ადამიანმა, თუ არ განიმარტა ამ სიტყვის მნიშვნელობა?
სანამ საკითხის გარჩევას შევუდგებოდეთ, ალბათ არ იქნებოდა ურიგო შევეხოთ ოდნავ უფრო ფართო მოცულობის საკითხს: რა არის ადამიანი?“ („ამ ქვეყნად უმთავრესია იმის გაგება, თუ რანი ვართ ჩვენ თვითონ“- ამბობს მიშელ მონტენი (1533 – 1592), ფრანგი ფილოსოფოსი – ჰუმანისტი, რომელიც განიხილავს ადამიანს, როგორც ყველაზე დიდ ღირებულებას  ედამიწაზე).
სოკრატეს აზრით, ადამიანი არის გონივრულ კითხვაზე გონივრული პასუხის გამცემი არსება და თვითშემეცნება მისი უმთავრესი მოვალეობაა. „ადამიანი განისაზღვრება, როგორც თავისი თავის მაძიებელი არსება, ისეთი არსება, რომელმაც თავისი არსებობის ყოველ მომენტში უნდა დაადგინოს და კრიტიკულად გადასინჯოს ამ არსებობის პირობები,“ – ამბობს გერმანელი ფილოსოფოსი ერნსტ კასირერი, წიგნში: „რა არის ადამიანი“.

ბევრი ფილოსოფოსი და მოაზროვნე სვავდა ფილოსოფიის ამ მთავარ კითხვას და ცდილობდა გარკვეულიყო თუნდაც იმაში, თუ რა განსხვავებაა ადამიანსა და ცხოველს შორის. საინტერესოა ზოგიერთი პასუხი ამ კითხვაზე. „ადამიანი არის ბაგირი, რომელიც დაჭიმულია ცხოველსა და ზეადამიანს შორის, – ბაგირი უფსკრულზე (ფ. ნიცშე). „ადამიანი პოლიტიკური ცხოველია“(არისტოტელე).
„ადამიანი ცხოველისაგან განსხვავდება იმით, რომ შეუძლია თქვას თავის შესახებ:“ მე ვარ“(რ.შტაინერი). „ადამიანი განსხვავდება ცხოველისაგან უპირველეს ყოვლისა იმით, რომ იგი რელიგიური არსებაა“ (არქიმანდრიტი რაფაელი).
ცხადია, რომ ეს განმარტებები ცალმხრივია და არ ასახავენ ადამიანის მთლიან არსს. უპრიანია ვარაუდი, რომ ადამიანის დეფინიცია შეუძლებელია. xx საუკუნეშიც გერმანელი ფილოსოფოსი მარტინ ჰაიდეგერი სვავს ამ კითხვას: „რა არის ადამიანი? ქმნილების გვირგვინი, თუ ყრუ ლაბირინთი, დიადი გაუგებრობა და უფსკრული…ღმერთების დაბრუნება, თუ მათი შებღავლა?“ და აქვე აღნიშნავს: ჩვენს ძიებაში, ჩვენს ბორგვაში და მერყეობაში თავს იჩენს ადამიანის სასრულობა… ყველა თავისთვის, როგორც ერთად ერთი დგას მთლიანის წინაშე…“
ადამიანში ორივეა – სასრულიც და უსასრულოც. სასრული დგას უსასრულოს წინაშე და ცდილობს შეიცნოს იგი.
კითხვა: „რა არის ადამიანი ?“ დაიბადა მაშინვე, როგორც კი ადამიანს გაუჩნდა თვითშეგნება. როდის მოხდა ეს? ადამიანის განვითარების ისტორიას ყოფენ ოთხ ეტაპად. პირველ ეტაპზე ადამიანს არ გააჩნია განვითარებული ტვინი, აქვს მარტივი შეგნება და ცხოვრობს ტვინის დაბალი ასპექტით – ინსტიქტური ტვინით. მეორე ეტაპზე  ტვინის შესაძლებლობები ვითარდება და ადამიანი აღწევს თვითშეგნების პირველ საფეხურს – პრიმიტიულს. მასში ჭარბობენ გრძნობები, შეგრძნებები, ემოციები. მისი წარმოდგენები წყვეტილია, არამკაფიო, ბუნდოვანი. იგი ამჟღავნებს ვნებებს და არა შეგნებულ სურვილებს, შეგნებულ ნებისყოფას. ეს არის ე.წ. ჩვილი ყრმის საფეხური. მას არ გააჩნია ანალიზის და კრიტიკის უნარი, არ შეუძლია  თვალთმაქცობა და არაგულწრფელობა. ყველაფერი სჯერა, სულში სრული სიმშვიდე აქვს. არავითარი ეჭვი, უთანხმოება, ღელვა. არც განცდები, არც იმედი, არც იმედის გაცრუება. (ეს ეტაპი სავარაუდოთ არის ბიბლიაში აღწერილი ადამის და ევას სამოთხეში ყოფნის პერიოდი).
მესამე ეტაპია, როდესაც ადამიანი იწყებს შემეცნებას და აქტიურ ცხოვრებას. იგი ტოვებს მყუდრო სავანეს და გადის ცხოვრების მღელვარე ზღვაში. აქტიური საქმიანობისას განიცდის გამარჯვებას და დამარცხებას, სიხარულს და იმედის გაცრუებას. მესამე ეტაპი მძიმეა და მტანჯველი. ადამიანი შფოთავს და უკიდურესობებში ვარდება. ტვინი ვითარდება. მასთან ერთად ვითარდება მეცნიერება და ტექნიკა. ხდება ადამიანის გონის წინაშე მუხლის მოდრეკვა. ვითარდება ადამიანებს შორის გაუტანლობა და გათიშვა, თვითკმაყოფილება და სატანური სიამაყე. ადამიანს ჰგონია, რომ იცის, და – არ იცის, ჰგონია, რომ მართალია, და – მართალი არ არის. იგი ეფლობა ეგოცენტრიზმის ჭაობში.
ხდება მეცნიერების უკიდურესად დიფერენცირება და ამასთან ერთად ადამიანის გონის დაქუცმაცება. ამას მოითხოვდა მეცნიერულ – ტექნიკური პროგრესი. ამ პროცესმა თავისი დადებითი საქმე გააკეთა. მაგრამ კითხვას: „რა არის ადამიანი?“ ამომწურავად ვერ უპასუხა. ამ ამოცანის ამოხსნას მეცნიერების სხვადასხვა დარგის მიღწევათა სინთეზირება სჭირდება და არა მხოლოდ ეს. მეცნიერების და რელიგიის სინთეზიც არის აუცილებელი. ამ დასკვნამდე მივიდა კაცობრიობის ის ნაწილი, რომელმაც არ მიიღო ადამიანის გონი, როგორც ევოლუციის უმაღლესი მიღწევა. ადამიანი განაგრძობს ძიებას და გადადის განვითარების მეოთხე სტადიაზე.
მეოთხე ეტაპზე გონი შედის კონტაქტში და თანამშრომლობს სულში დაგროვილ ცოდნასთან და სიბრძნესთან. ტვინი იძენს სინთეზირების თვისებას, აკეთებს მოვლენების და ფაქტების სინთეზს, მოჰყავს ისინი სისტემაში და ჰარმონიაში. ვითარდება ინტუიცია. ეს ნიშნავს კონტაქტის დამყარებას უმაღლეს გონთან და იქიდან კოსმიური სიბრძნის მიღებას.
ცალკეული ადამიანის განვითარების პროცესიც (დაბადების შემდეგ) ოთხ ეტაპად იყოფა: დაბადებიდან 7 წლამდე ;  7 წლიდან 14 წლამდე; 15-დან 30 წლამდე; 30 წლის შემდეგ. საუკეთესო შემთხვევაა, როდესაც ადამიანი გაივლის ყველა ამ ეტაპს მოცემულ ასაკში. 30 წლის შემდეგ მას შეუძლია შეიძინოს ის თვისებები, რომელიც აღინიშნება სიტყვით „სულიერება“.
დავბრუნდეთ ჩვენს განსახილველ საკითხს: რა არის სულიერება? მიზეზი იმისა, რომ ჩვენთან არსებულ ცნობარებში სულიერების განმარტებას ვერ ვხვდებით, შეიძლება იყოს ის, რომ ეს საკითხი არასაკმარისადაა შესწავლილი და ამასთანავე, მასზე მსჯელობისას უსაფუძვლოდ გვეჩვენება, რომ მისი მნიშვნელობა თავისთავად ცხადია.
სიტყვა „სული“ ყველგან არის განმარტებული. მაგალითად: „სული არის ფსიქიკა, ცნობიერება, აზროვნება, გონება“, „სული ფილოსოფიური ცნებაა, რომელიც აღნიშნავს არამატერიალურ საწყისს“. პანლოგიზმში იგი განიმარტება როგორც ცნება, პანთეიზმში როგორც სუბსტანცია, თეიზმში – როგორც პიროვნება; რაციონალიზმში სულის განსაზღვრელ მხარედ ითვლებოდა აზროვნება და ცნობიერება; ირაციონალიზმში – არააზროვნებითი ასპექტები: ნებელობა, გრძნობა, წარმოსახვა ინტუიცია და სხვა.
სული ფილოსოფიური ცნებაა, რომელსაც იყენებდნენ სხეულისაგან განსხვავებული, მაგრამ  მასთან დაკავშირებული ობიექტის აღსანიშნავად. სული განიხილებოდა, როგორც აქტიური და სიცოცხლის მატარებელი საწყისი. ობიექტური იდეალიზმი სულს მიიჩნევს არამატერიალურ სუბსტანციად. ზოგიერთი მისი წარმომადგენელი აღიარებს სულის უკვდავებას (პლატონი), ზოგიერთი არა (ჰეგელი).
დეკარტეს დუალიზმის მიხედვით არსებობს ორი სუბსტანცია – სული და სხეული. ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, მაგრამ ერთმანეთის პარალელურია. დიალექტიკურ მატერიალიზმში სული უარყოფილია როგორც დამოუკიდებელი სუბსტანცია – იგი სხეულის სიკვდილთან ერთად კვდება და წყვეტს არსებობას. 1880 წ. გამოშვებულ ვ. დალის ცნობარში სულის შემდეგი განმარტებაა მოცემული: სული – უსხეულო არსებაა; იგი არა ნივთიერი, არამედ არსებითი სამყაროს ბინადარია; ჩვენთვის მიუწვდომელი. არასხეულებრივი სამყაროს მოსახლე, ღვთის უმაღლესი ნაპერწკალი, გონება და ნებელობა.
როგორც ვხედავთ, დაინტერესებული ადამიანი აღმოაჩენს სულის მრავალნაირ განმარტებას. ეს მდგომარეობა გარკვეულწილად განპირობებულია იმით, რომ სულის არსი უშუალოდ მოცემული არა გვაქვს და მეცნიერულად შესწავლილი არ არის. ამას ემატება ის გარემოება, რომ უმეტეს ნაშრომში, მათ შორის რელიგიურ ლიტერატურაშიც კი ცნებები „სული“ და „სამშვინველი“ ერთმანეთისაგან ცხადად გამოყოფილი არ არის.
როგორ წარმოდგენებს ვხვდებით ფსიქოლოგიაში – ერთერთ სულიერ მეცნიერებაში. მეცნიერული აზროვნების საწყის ეტაპზე ფსიქოლოგიის საგნად სული იყო მიჩნეული. არისტოტელე თავის მთავარ ფსიქოლოგიურ გამოკვლევას უწოდებს: „სულის შესახებ“.რუსულად იგი თარგმნილია, როგორც „სამშვინველის შესახებ“ («О Душе»). ჰეფლინგი xx საუკუნეში იმეორებს: „ფსიქოლოგია მოძღვრებაა სულის შესახებ“. ამ აზრს გარკვეულწილად არ ეთანხმება დიმიტრი უზნაძე. იგი ამბობს: „იმისათვის, რომ სული მეცნიერული კვლევის საგნად დაისახოს, აუცილებელია , რომ მისი სინამდვილე უშუალოდ გვქონდეს მოცემული. არის კი ეს ასე? ადამიანი გრძნობს, მსჯელობს, წარმოიდგენს, მიისწრაფვის, შფოთავს, ზრუნავს. ჩვენ მხოლოდ ისეთ არსებას ვთვლით სულიერად, რომელსაც ქველაფერი ეს, ან რაიმე მსგავსი შეუძლია განიცადოს. ამგვარ მოვლენებს ჩვეულებრივ სულიერ მოვლენებს უწოდებენ. სული ამ განცდათა წარმომშვებ ძალად ითვლება. იგი უშუალოდ სინამდვილის იქით იგულისხმება.“
კ. გუსტავ იუნგი, რომელიც ჩვენი დროის ყველაზე პროგრესულ ფსიქოლოგად ითვლება, ამბობს:”სხეული და სული – ეს ადამიანის ორი ასპექტია, – სულ ესაა, რაც ვიცით. ეს ორი რამ ურთიერთდაკავშირებულია, თუმცა რანაირად – იდუმალებითაა მოცული. მე  ვერაფერს გეტყვით იმის შესახებ, სხეულია წამყვანი, სული, თუ ისინი უბრალოდ ერთმანეთის გვერდით არსებობენ.“
მას ფსიქოლოგიაში შემოაქვს ახალი ცნება:“სინქრონულობის პრინციპი“. როგორც თვითონ ამბობს, „ეს ცნებაა, რომელიც გამოხატავს სხეულის და სულის ერთად ყოფნის ფაქტს“. ამ პრინციპის მიხედვით, როგორც იუნგი ამბობს, „რაღაც-რაღაცეები, როგორღაც ურთიერთშეთანხმებულად მიმდინარეობენ და ისეთ შთაბეჭდილებას ახდენენ, თითქოს ერთი და იგივე რამეს წარმოადგენენ“.
გუსტავ იუნგი ადამიანის ფსიქიკას სამშვინველს უძახის და იკვლევს მას, თუმცა ნათლად ხედავს  ამოცანის გიგანტურ მასშტაბებს, რომელიც განპირობებულია როგორც ფსიქიკის უაღრესად რთული ბუნებით, ასევე იმ ფაქტით, რომ სამშვინველი ერთის მხრივ მეცნიერული კვლევისა და დაკვირვების ობიექტია და ამავე დროს, მისი სუბიექტიცაა, ანუ საშუალება, რომლითაც ეს დაკვირვება იწარმოება.
ადამიანის მშვინვიერი ცხოვრება არაცნობიერია და მასთან მიდგომა ჩვენ არ გაგვაჩნია. ვეჭიდებით მოცემულობებს, რომელთა შესახებ ვვარაუდობთ, რომ მათ ფესვები არაცნობიერში აქვთ გადგმული. ცნობიერება შეწყვეტილია, ამბობს იუნგი. ადამიანის ცხოვრების დიდი ნაწილი არაცნობიერ მდგომარეობაში მიმდინარეობს. ამ არაცნობიერის შესახებ ცოტა რამ ვიცით, ისიც იმ შინაარსებიდან, რომელიც მას არაცნობიერებიდან ცნობიერების ზედაპირზე ამოაქვს, მაგრამ საკითხავია: როგორ? თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რამდენად სწორად აღიქვამს კონკრეტულ სინამდვილეს ჩვენი ცნობიერება, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ფერები და ტონები ბუნებაში არ არსებობენ, არსებობენ მხოლოდ რხევები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ფერებს და გვესმის ტონები.
ცნობიერების განკარგულებაშია ფუნქციები, რომლებიც აკავშირებენ ცნობიერების შინაარსებს გარედან მიღებულ შთაბეჭდილებებთან და, რომლებიც აკავშირებენ ამ შინაარსებს არაცნობიერში მიმდინარე პროცესებთან. ესენია – შეგრძნება, აზროვნება, გრძნობა და ინტუიცია. შეგრძნება ხორციელდება ფიზიკურ ორგანოთა მეშვეობით. იგი გვეუბნება, რომ რაღაც არის. აზროვნება გვეუბნება, თუ რა არის ეს „რაღაცა“. გრძნობა გვეუბნება, თუ რა ღირებულება აქვს მას ჩვენთვის; ინტუიცია ერთგვარი წინასწარმეტყველური, ძნელად ასახსნელი სიტყვაა. უწინ ხმარობდნენ სიტყვას „ალღო“, „გეშის აღება“, „საქმეს ისეთი სუნი უდის“.
ეს არის ხედვა, რეალურად მოცემულის ფარგლებს მიღმა; გრძნობა და აზროვნება დაპირისპირებული ფუნქციებია. ასევეა საქმე შეგრძნებასა და ინტუიციას შორის. ადამიანები განსხვავებულ ტიპებად იყოფიან იმის მიხედვით, თუ ამ დაპირისპირებულ ფუნქციათა შორის, რომელი უფრო განვითარებულია. არსებობენ აზროვნებითი, გრძნობითი, შეგრძნებითი და ინტუიციური ტიპები.
„უპანიშადების“ ტექსტში მოცემულია ადამიანის ბუნების დეტალური ანალიზი. ამ სწავლების მიხედვით, ადამიანი წარმოადგენს რთულ არსს, რომელიც სულისა და მატერიისაგან, ანუ „მე“- სა და „არა მე“- საგან შედგება. ემპირიული არსებობის პროცესში სული ადამიანში მატერიასთან არის შერწყმული, ანუ „არა მე“- სთან. „არა მე“ შედგება სამი სხეულისაგან (ხუთი გარსისაგან). „არა მე“ მოკვდავია. „მე“ – ნამდვილი და უკვდავი.
 აღსანიშნავია პლატონის აზრი იმის შესახებ, რომ სული სწავლობს არსებულს იმ ციხიდან, რომელსაც მისთვის სხეული წარმოადგენს. ციხის გისოსები კი – შეგრძნებებია, რომელიც სხეულს გააჩნია. გავიხსენოთ ქრისტიანული ლოცვა:: „ღმერთო, დაიცავი მეფე ჩემი და ქალაქი ჩემი. მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი, რომელ არს გვამი ჩემი“.
მაშასადამე,  ადამიანი არის ხორცშესხმული „მე“. იგი სხეულებით და გარსებით არის შემოსილი, ამიტომ შებოჭილია და მათზე დამოკიდებული. ამ მდგომარეობაში მყოფ „მე“-ს ემპირიულ „მე“-ს, ან ინდივიდუალურ სულს უწოდებენ, ან ჯივას. იმყოფება რა სრულ დამოკიდებულებაში ამ სხეულებზე, იგი თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში რთავს სხვადასხვა საქმიანობას, ყოფით გაიგივებულია საგნებსა და პიროვნებებთან გარე მიმართებაში, აგრეთვე საკუთარ სხეულთან, გრძნობებთან და არაფერი იცის საკუთარი თავის დანიშნულების შესახებ. ასეთ გაუთვითცნობიერებულ მდგომარეობაში ყოფნას „ავიდიას უწოდებენ. იგი დაიძლევა ცოდნით.
იმ მდგომარეობას, როცა „ავიდია“ დაძლეულია და „მე“-ს გათვითცნობიერებული აქვს თავისი დანიშნულება, განთავისუფლებულია თავისი სხეულების და გარსების შებოჭილობისაგან, შეიძლება სულიერება უწოდოთ.
ადამიანის რთულ აგებულებაზე საუბარია ყველა ეზოთერულ ლიტერატურაში. მათში ადამიანის შიდა სხეულების სახელწოდებები ზოგჯერ განსხვავებულია, მაგრამ შინაარსი დაახლოებით ერთნაირია, ანუ შემდეგი: ადამიანი წარმოადგენს რთულ სისტემას, რომელიც მუდმივად იმყოფება მოძრავ მდგომარეობაში. საუბარია არა მხოლოდ მკვრივი სხეულის რთულ აღნაგობაზე და შემადგენლობაზე, არამედ მასში არსებულ ავტონომიურ წარმონაქმნებზე, რომლებსაც უნარი გააჩნიათ იარსებონ როგორც ცხეულში,ისევე მის გარეთაც.
სულიერება არის ისეთი მდგომარეობა ადამიანისა, როდესაც მიღწეულია მეტნაკლებად ჰარმონიული კავშირი სხეულსა და სულს შორის. ეს არის სხეულში ხელახლა დაბადება, როდესაც სული ხდება კონკრეტული, რეალური, შეგრძნებადი უფრო მეტად, ვიდრე მატერიალური გარე სამყარო. მყარდება გონივრული კონტაქტი საკუთარ ფსიქიკურ არსებასთან და ეს უკანასკნელი აღარ იმყოფება მიძინებულ მდგომარეობაში. იგი აქტიურია, არ ემორჩილება სხეულების კარნახს, არ არის მათი მონა- მორჩილი, თავის ცოდნასა და გამოცდილებას გადასცემს გონებას; ეს უკანასკნელი ხდება შემოქმედი, ამყარებს კავშირს გარე სულიერ სამყაროსთან. სული განიცდის ევოლუციას, იძენს ახალ თვისებებს, რომელიც გამოსადეგი ხდება, როგორც მიწიურ ცხოვრებაში, ასევე უსასრულობაში.
ადამიანის გასულიერება ნიშნავს მისი უმაღლესი ცნობიერების ცენტრების (ჩაკრების) ტრანსმუტაციას, ერთმანეთთან დაკავშირებას, ჰარმონიულად მოქმედებას, რომლის შედეგად მყარდება კავშირი სხვა სამყაროებთან და იქიდან მიიღება ცნობები, მითითებები, ცხოვრებაში გამოსაყენებლად და დასანერგად.
სულიერება ადამიანის შეძენილი თვისებაა. ყოველ ადამიანს შეუძლია შეიძინოს ეს უმაღლესი თვისება, მაგრამ ამას აღწევს მხოლოდ ის, ვინც მიჰყვება განვითარების ნორმალურ კანონიერ გზას. ჰარმონიაში უნდა იმყოფებოდნენ გული, გონი და ნებელობა. ადამიანი ვალდებულია იზრუნოს საკუთარი სულის დინამიკაზე, მის განვითარებაზე. ეზოთერული მეცნიერება გვასწავლის, რომ ადამიანში და სამყაროში მოქმედებს ძალა – ფსიქიური ენერგია, რომელიც თვითონ სულიერებას წარმოადგენს.
ადამიანის სულიერება ნიშნავს შეერთებას უმაღლეს სამყაროსთან, პირადული უმაღლესი ძალის და უმაღლესი ცნობიერების განვითარებას, ამ ძალის შეგნებულად გამოყენებას სამყაროში მიმდინარე  ევოლუციის სასარგებლოდ. ადამიანის ფსიქიკური ენერგია უნდა დაემორჩილოს ნებას, გულის სიღრმეში გამომუშავდეს და შემდეგ გამოთავისუფლდეს.
რელიგიები გვასწავლიან, რომ ადამიანი ასრულებს თავის დანიშნულებას, მიდის სასუფევლისაკენ, თუ მისი ყოველი ქმედება გამსჭვალულია ღვთის სიყვარულით და შესწევს უნარი ნებისმიერ მოვლენაში დაინახოს ღვთის ნება – სულიერ სამყაროში მოქმედი კანონების აღსრულების შედეგი.
რანაირი ქცევით, ფიქრებით და მოქმედებებით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სულიერების ზრდას და ამით – უკვდავებას? ათი მცნება რჯულის კანონისა და ცხრა ნეტარებანი (სწორად გაგებულნი) – ეს ის გასაღებებია, რომლებიც აღებენ სამოთხის კარს – ადამიანი იძენს სიწმინდეს და იმ ნეტარებას, რომელიც წარმოადგენს უმაღლეს ბედნიერებას. ცოდნა გვეხმარება, რათა სულიერი ზრდის გზის გავლისას ნაკლები შეცდომები დაუშვათ, არ გვქონდეს საბედისწერო ჩავარდნები და უკუსვლები.
ვიცოდეთ და გვჯეროდეს ის დიდი ჭეშმარიტება, რომ სულიერება არის ის ძალა, რომელიც ჩვენ, დედამიწაზე, დღეს კარგ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს, მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ურთიერთობა, როდესაც გადავალთ საცხოვრებლად უსასრულობაში.
ოფელია ლომაია.
( ჟურნ. „ფენომენი“ №10. 2006 წ.)

Комментариев нет:

Отправить комментарий