სინათლე ნივთიერების გამოსხივების ფართო
სპექტრის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი ის მთავარი ფაქტორია,
რითაც ადამიანი შეიცნობს გარე სამყაროს, მაგრამ მისი ბუნების შესახებ ცოტა
რამ არის ცნობილი.
რამდენიმე საუკუნის განმავლობაში
მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ, რას წარმოადგენდა სინათლე – კორპუსკულებს
თუ ტალღებს. პერიოდულად იცვლებოდა შეხედულება სინათლის ბუნებაზე. მ.
პლანკის მიერ XX საუკუნის დასაწყისში ენერგიისა და მოქმედების კვანტების
აღმოჩენამ გარკვეულწილად შეცვალა წარმოდგენები სინათლეზე, მაგრამ დუალიზმი
ამ საკითხში ბოლომდე მაინც ვერ აღმოიფხვრა. კორპუსკულები შეიცვალა სინათლის
კვანტებით – ფოტონებით. მოვლენები, რომელიც ეხებოდა სინათლის გავრცელებას,
მეცნიერებს შეეძლოთ განეხილათ მარტო ტალღური თვალთახედვით; ხოლო სინათლის
ზემოქმედება ნივთიერებაზე (ფოტოეფექტი, კომპტონის მოვლენა) განიმარტებოდა
მხოლოდ კორპუსულების ან ფოტონების შესახებ წარმოდგენის საფუძველზე.