Страницы

27 апр. 2016 г.

სულიერი წინსვლა – ადამიანის ბედნიერების საწინდარი




სულიერი წინსვლა – ადამიანის ბედნიერების საწინდარი.


კულტურა, რომელიც კაცობრიობამ შექმნა და განავითარა ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი მუდმივად ეძებდა იმ გზებსა და საშუალებებს, რომელიც გააუმჯობესებდა მის ყოფიერებას და მოაპოვინებდა ბედნიერებას. ეს ძიება  დღესაც გრძელდება. მაგრამ, სამწუხაროდ უმეტესობა ყოველთვის იხიბლებოდა მხოლოდ სამყაროს გარე (მატერიალური) ენერგიებით და მცდარად მიიჩნევდა, რომ მატერიალური კომფორტია ის მთავარი, რაც მას მიანიჭებს ბედავნიერებას.
თანამედროვე ეპოქაშიც კი ჯერ კიდევ ბევრია ამდაგვარი შეგნებითა და სათანადო ძალისხმევით მცხოვრები ადამიანი. ილუზიური კეთილდღეობით მოჯადოებული, იგი ცდილობს იყოს ბედნიერი და უმთავრესად ემსახურება საკუთარ სხეულებრივ გრძნობებს და სურვილებს, ის კი  სულ არ ახსოვს. რომ იგი სულია.
რა თქმა უნდა , ადამიანმა უნდა მიიღოს სიამოვნება ცხოვრებისაგან, ის ამისთვისაცაა დაბადებული დედამიწაზე, მაგრამ დაუშვებელია მისი დაყვანა მხოლოდ სხეულებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებამდე. უმრავლესობას წარმოდგენაც კი არა აქვს სიცოცხლის მთავარ არსზე. დაკარგული აქვს სულიერი წინსვლის გასაღები, დიდი ცოდნა  და მისი ძიების სურვილიც კი. როდესაც ამდაგვარ პიროვნებებს მოუწოდებენ სულიერი ცხოვრებისაკენ, ისინი პასუხობენ, რომ მათ სურთ მუშაობა კუჭისთვის და ღმერთზე ფიქრი არაფრად არ ესაჭიროებათ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ სწორედ ამ განწყობის გამო მათ ხშირად უმუშევრობა და მრავალი სხვა სირთულე ემუქრებათ, რომელთაც სამყაროს კანონები ახვევს თავს. საჭიროა ამ კანონების ცოდნა და მათი დაცვა. ჩვენ ყველანი მატერიალური ბუნების კანონების გავლენის ქვეშ ვიმყოფებით, მიუხედავად ჩვენი წარმოშობისა, რელიგიური აღსარებისა, თანამდებობისა და მოღვაწეობისა.

„პიროვნება, რომელიც მხოლოდ ოჯახური, საზოგადოებრივი, თემური, ეროვნული თუ ზოგადსაკაცობრიო საქმეებით არის დაკავებული, ცხოველური ცხოვრების ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად იღწვის, როგორიცაა ჭამა, ძილი, თავდაცვა, გართობა, გამრავლება (რაც უთუოდ ყველასთვის მნიშვნელოვანია და აუცილებელი), მაგრამ არაფერი უწყის ტრანსცენდენციის (ცდის მიღმა მყოფი კატეგორიების) შესახებ, შეიძლება ჩაითვალოს იმ ბრმად, რომელსაც მოუთოკავი გრძნობები მიაქანებს და მალე იგი  თხრილში გადაეშვება“ – გვამცნობს ვედური სწავლების კომენტატორი, მოძღვარი და წინამძღოლი სვამი პრაბჰუპადა.
იგი ამბობდა:“მე ვცდილობ ვიყო ღმერთის მსახური. ღმერთის მსახურება არ არის უბრალო რამ“- და ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ სულიერი ცხოვრება არ არის სენტიმენტალიზმი ან ბრმა რწმენა. იგი არის მეცნიერება, რომელიც  გონიერებითა და ლოგიკით მტკიცდება. ამ ქვეყნად ყოფნის ოთხმოცდაერთი წლის მანძილზე (1896 – 1977), ცხოვრების ბოლო დღემდე იგი წერდა, თარგმნიდა, ასწავლიდა სულიერ მეცნიერებას, ფილოსოფიას, საღ აზროვნებას, ხელოვნებას, სწორი ცხოვრების წესს. მან ოთხმოცამდე წიგნი გამოაქვეყნა. მსოფლიოს ბევრმა მეცნიერმა მაღალი შეფასება მისცა მის წიგნებს.
სვამი პრაბხუპადას სულიერმა მოძღვარმა მას მიანდო ინგლისურენოვან სამყაროში ინდოეთის ვედური მოძღვრების გავრცელების საქმე. 1965 წელს სამოცდაცხრა წლის ასაკში იგი ნიუ – იორკში ჩავიდა. თავის მრავალრიცხოვან ლექციებზე, თანამედროვე ინგლისურზე, პრაბჰუპადა გადასცემდა მსმენელს უბერებელ ცოდნას, რომელიც შეიცავდა ადამიანში და მის გარეთ არსებულ საიდუმლოებებს უზენაესი სულის შესახებ, შთააგონებდა მათ, რომ სიცოცხლის ჭეშმარიტი მიზანი ღმერთთან დაბრუნებაა, ღმერთის სავანებამდე ამაღლებაა.
„მე არა ვარ ეს სხეული, მე არა ვარ ინდოელი…, თქვენ არა ხართ ამერიკელები….ჩვენ ყველანი სულები ვართ – ამბობდა პრაბჰუპადა. მთელი თავისი სიცოცხლე იგი ემსახურებოდა კაცობრიობის გასულიერების საქმეს. კაცობრიობის  უმეტესი ნაწილი მუდმივად ზრუნავს მხოლოდ სხეულზე (ზოგი ამასაც სწორად ვერ აკეთებს და ხშირად აზიანებს თავის სხეულს), მაგრამ მისი მამოძრავებელი სულის შესახებ წარმოდგენაც კი არ გააჩნია.
ამ დროს, მრავალ თვითრეალიზებულ ადამიანისთვის ეჭვგარეშეა, რომ სულის შესახებ ცოდნა ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნაა. სამწუხაროდ ამას ჯერ კიდევ არსად არ ასწავლიან, უმაღლეს სასწავლებლებშიც კი. აგრეთვე აუცილებელია ყველამ იცოდეს თუ როგორ განთავისუფლდეს საკუთარი უხეში მატერიალური სხეულის დიქტატისაგან.
 ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სულია სიცოცხლის პირველადი მიზეზი და არა სხეული. სული დამსწრეა და მოწმეა იმ ყველაფრისა, რასაც სხეული ჩაიდენს. დაუშვებელია იგი გავხადოთ სხეულებრივი გრძნობების მონად. საჭიროა მისი გაძლიერება უმაღლესი გრძნობებითა და ენერგიებით, ჭეშმარიტი ცოდნით. (აქ, რა თქმა უნდა, საუბარია ინდივიდუალურ სულზე. სამყაროს ღვთაებრივი სული ყოვლადძლიერია და სრულ ცოდნას ფლობს).
გაუცნობიერებელი ადამიანი ადვილად ეძლევა პატივმოყვარეობას, ქედმაღლობას, ამპარტავნობას, კაცთმოძულეობას და სხვა ამდაგვარ მანკიერ გრძნობებს. შევძლოთ და ვიცხოვროთ ჩვენი უმაღლესი და არა ცხოველური ბუნების შესაბამისად. სიყვარული უპირველესი და უძლიერესი ღვთაებრივი ძალაა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის სულიერ ზრდას. გავაძლიეროთ იგი ჩვენი სწორი ქმედებებით, შემოქმედებით, მატერიალურ და ცოცხალ ბუნებასთან დახვეწილი და კეთილგანწყობილი ურთიერთობებით.
მატერიალურ ენერგიას შესწევს იმ ცოცხალი არსების  დასჯის უნარი, ვინც მცირედაც კი დაარღვევს სამყაროს კანონებს და კიდევაც სჯის. ხალხი კი ამბობს: „ღმერთმა დაგვსაჯაო.“ ღმერთი თავის ქმნილებებს არ სჯის. იგი მომთმენია, მიმტევებელი და კეთილგანწყობილი. ჩვენამდე მოსული მითების, წმინდა წერილებისა და მატიანეების  თანახმად კაცობრიობას არაერთხელ წვევია მცირე და დიდი მასშტაბების კატაკლიზმები, რის შედეგადაც მას მოუხდა ცივილიზაციის ახლად, თითქმის ნულიდან განვითარება. ვლინდება, რომ ამის მიზეზი ყოველთვის იყო ის, რომ მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებასთან ერთად არ მიმდინარეობდა სულიერი განვითარება. პირიქით ხდებოდა საზოგადოების ზნეობრივი დაცემა, ადამიანთა მიერ ღვთაებრივი კანონების და ქცევის დაწესებული ნორმების უხეშად დარღვევა.
ამიტომ ყველა ქვეყნის მმართველის ვალია, საზოგადოების ყველა წევრის ცხოველური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვასთან ერთად (ამის პარალელურად და არა ამის შემდეგ) აკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ მის რიგებში იზრდებოდეს თვითრეალიზებულ ადამიანთა რიცხვი. დაუშვებელია საზოგადოებაში ცხოველურ ვნებათა და გაუკუღმართებულ ქცევათა პროპაგანდა, მითუმეტეს მასობრივი საშუალებებით.
საზოგადოების ზნეობრივი სიჯანსაღის შენარჩუნებისათვის , ყველა სხვა ცნობილი ღონისძიებებასთან ერთად, კარგი იქნებოდა მედიაში სათანადო თვითკონტროლის დაწესება. საზოგადოებამ ყველაფერი აკეთოს იმისთვის, რომ შემცირდეს მოსახლეობის ამორალურ ბიომასად გადაქცევის რისკი. ყველამ კარგად უნდა შეიგნოს, რომ ადამიანის თავისუფლება მის ცხოველად გადაჯიშებას არ ნიშნავს. წყვდიადი ზოგიერთი ადამიანის ცნობიერებაში მატერიალური პროგრესის ნაკლებობით არ არის გამოწვეული. მათ განკურნება და რეაბილიტაცია სჭირდებათ.
ცნობილია და კაცობრიობის დიდი ნაწილის მიერ აღიარებულია ის ჭეშმარიტება, რომ დედამიწაზე ადამიანის ბედნიერი ცხოვრების დამკვიდრებისათვის საჭიროა საზოგადოებაში კულტურის მუდმივი პროგრესი. ყველასათვის მიზანშეწონილია სამყაროსა და ადამიანის სტრუქტურების, მათში მიმდინარე პროცესების, მოქმედი ძალების შესახებ ცოდნის შეძენა. ეს იმისთვისაა საჭირო, რათა შევძლოთ ცხოვრება ჩვენი უმაღლესი ბუნების შესაბამისად. ცუდია, როდესაც ეს შეინაცვლება რიტუალებით, ადამიანთა მიერ შექმნილი და საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი აზრებით, შეხედულებებითა და მოქმედებებით.
ადამიანი – ღმერთის ნაწილია და ამიტომ მისი ნებისადმი დამორჩილება არ წარმოადგენს ადამიანის მონობას (როგორც ამას აცხადებდა არაერთი ფილოსოფოსი და ცობილი პიროვნება), რადგან ისინი ერთი მთლიანი არიან.
აღმოსავლეთის ძველი სიბრძნე გვასწავლის, რომ კაცობრიობის ძირითადი მიზანია მისი სულიერი ტრანსფორმაცია, ადამიანთა ცხოვრებაში ღვთიური ბუნებისა და ცხოვრების წესის დანერგვა, ადამიანის ბუნების დახვეწა, მისი ყოფიერების გალამაზება, უმეცრებისა და ტანჯვისაგან მისი განთავისუფლება. რელიგიები და საღმრთო წერილები ყოველთვის აცხადებდნენ ადამიანის გულის განწმენდის და ამის შედეგად მის მიერ ძალის შეძენის აუცილებლობაზე. ეკლესიების  ჭეშმარიტი მსახურები, თეოლოგები, ფილოსოფოსები – მათი დიდი ნაწილი, გულწრფელად და ერთგულად შრომობდა, რათა ეს კეთილშობილური მისწრაფებები განხორციელებულიყო, მაგრამ დიდ წარმატებებს ვერ მიაღწიეს.
ჰარმონია ბუნებაში შესაძლებელია შენარჩუნდეს მხოლოდ სიწმინდის დამყარების შედეგად მოპოვებული ძალისა და ენერგიის დახმარებით. როდესაც ჰარმონია ირღვევა, საზოგადოება ცდილობს დაიცვას იგი ინდივიდუალური და კოლექტიური ნების ძალით. თუ იგი განაგრძობს ნგრევას, ადამიანი ცდილობს დაიცვას იგი ინტელექტის მეშვეობით. მაგრამ იკარგება ძველთაძველი კულტურა და ცოდნა, საჭირო ხდება ყველა იმ პირობების ხელახლა შექმნა, რომელიც ხელს უწყობს სრულყოფის მოპოვებას, როგორც ადამიანში, ასევე გარე ბუნებაში.
ყოველთვის, ყველა ეპოქაში დედამიწაზე იყო ქვეყნები, რომელთაც თავს ატყდებოდა მრავალი გასაჭირი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იქ მცხოვრები ადამიანების გარკვეული ჯგუფი იცავდა, ანვითარებდა და ავრცელებდა იმ უმაღლეს ცოდნას, რომელსაც თან სდევდა კეთილდღეობა, ძალა და სიბრძნე.
 ქვეყნების მოსახლეობა მზადდებოდა მათ ყოფიერებაში ღვთიურის შემოსვლისათვის. დაუშვებელია, რომ ხსენებულ უდიდეს მოვლენას ვინმე დახვდეს მოუმზადებელი ანუ არამზადყოფნის მდგომარეობაში. სწავლებანი აცხადებენ, რომ მხოლოდ ის ინდივიდი, რომელიც შეძლებს თავისი ჭეშმარიტი დანიშნულების ცოდნით განმტკიცებას, შიშისაგან განთავისუფლებას და სიწმინდის შენარჩუნებას, დარჩება ურყევი იმ ცეცხლსა და ქარიშხალში, რომელიც წარმოიქმნება დედამიწაზე უმაღლესი ენერგიების შემოსვლის შედეგად.
იმ ხანას, როდესაც ჭეშმარიტი ცოდნა ვითარდება და ადამიანთა საზოგადოების, მისი სწავლებებისა და ზნე-ჩვეულებების სრულყოფის იდეები ფართოდ ვრცელდება, ხალხის სული იზრდება და იფურჩქნება. გარდაიქმნება ადამიანის შიდა ბუნება, მისი გული, გონება და გაძლიერდება მისი უმაღლესი საქმიანობისაკენ მისწრაფება. მასში არსებული დისონანსი და დისჰარმონია შეიცვლება სიმშვიდით, ნეტარებით, ცოდნითა და სრულყოფილი საქმიანობით – ყველაფერ იმით, რაც ნიშანდობლივია ღვთიური არსებობისათვის. გული განიწმინდება ყველანაირი სურვილების დიქტატისაგან, ინტელექტი – ეგოცენტრული ნებისყოფის გამოვლინებისაგან.
უკუიგდება ყველანაირი ორობითობა (ორჭოფობა). ინდივიდი აღიარებს, რომ მთელი სამყარო, ხილული და უხილავი, წარმოადგენს იდუმალი სიბრძნის და ძალის ერთიან გამოვლინებას და მათ უნდა მიეცეს მთლიანად გამობრწყინების საშუალება ევოლუციის გზით.
ცოდნას, რომელიც ჩვენ გადმოგვეცემა საღმრთო წერილებიდან ცხოვრების წესის სახით, მივყავართ თვითრეალიზაციის ისეთ ხარისხამდე, როდესაც ჩვენ მუდმივად და საიმედოდ ვიმყოფებით მასში მწუხარების,  შიშის, სიცრუის, შიდა ბრძოლის და ტანჯვის გარეშე. ეს ყველაფერი ძირფესვიანად ამოიგდება ჩვენი ყოფიერებიდან.
ცივილიზაციის თანამედროვე ეტაპზე აგრეთვე აუცილებელია ცოდნა ერთიან რეალობაზე, სამყაროსა და ადამიანის წყობაზე. ცოდნის უქონლობა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის ბედისწერაზე. შემთხვევითი არ არის ის ცნობილი ფაქტი, რომ ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ხელდასმულ ქურუმთა და ბრძენთა გარემოცვაში გაჩნდა ადამიანებისადმი მიმართული მოწოდება: „შეიცანი თავი შენი და შენ შეიცნობ ღმერთს“.
მაგრამ, არის კი ადამიანი ადვილად შესაცნობი? რამდენად ძალუძს ადამიანის ტვინს, მიუხედავად მისი საოცრებასთან მიახლოვებული სრულყოფისა, სრულად შეისწავლოს თუნდაც საკუთარი თავი? მეცნიერები აღიარებენ, რომ ადამიანის ტვინი სრულად შესწავლას არ ექვემდებარება. მისი ფუნქციონირება და მისი ინტეგრალური მოქმედების შიდა მექანიზმები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამორკვეული. რაღა შეიძლება ითქვას იმ მრავალრიცხოვან სისტემებზე, წარმონაქმნებზე, არხებსა და მერიდიანებზე, კვანტურ ველებზე, მათი გამოსხივების წყაროებსა და მიმღებებზე, ცეცხლოვან ცენტრებსა და სხვა მნიშვნელოვან  სტრუქტურებზე.
ყველა ეს სისტემა უწყვეტად მოქმედებს ადამიანში, მის ნატიფ- მატერიალურ და სულიერ სხეულებში, იცვლება დროში, განიცდის ევოლუციას ან დეგრადაციას. შესწევს კი ადამიანს უნარი, რათა შეაღწიოს მათი ფუნქციონირების, თანაქმედებისა და ურთიერთგავლენის დიდ საიდუმლოში – ფარული და იდუმალი მოვლენების სამყაროში? შესაძლებელია კი მათი მეცნიერული აღწერა თუნდაც თანამედროვე ფიზიკის ურთულესი თეორიებით?
ადამიანის საოცარ სიღრმისეულ წყობაზე საუბრობდა ჯერ კიდევ მეფე დავითი (XI ს.ძ.წ.) : „გადიდებ შენ, რათა მე საუცხოოდ ვარ მოწყობილი. საკვირველია შენი საქმეები და ჩემი სული სავსებით აცნობიერებს ამას“(ფს.138, 14). თანამედროვე ეპოქაში უკვე მრავალი გონიერი და სულიერად განვითარებული ადამიანისთვის ეჭვგარეშე გახდა ის თვალსაზრისი, რომ ზემოთ მოყვანილ საკითხებზე ცოდნის გაფართოება უკიდურესად საჭიროა კაცობრიობის კულტურის შემდგომი პროგრესისთვის, მისი გასულიერებისთვის და დედამიწაზე ცივილიზაციის შენარჩუნებისთვის.
 ბევრისთვის ნათელი გახდა, რომ ადამიანი ურთულესი და გენიალურად მოწყობილი ქმნილებაა. მას გააჩნია უაღრესად ღრმად მოფიქრებული მრავალრიცხოვანი და ნაირფეროვანი შიდა შემადგენლობა – გონივრულად მოწყობილი და ძალიან საინტერესო იერარქია. „კალაგიის“ თანახმად ესენია:სული, სულის ცნობიერება, სულის ცნობიერების ცეცხლი და სხივი, ლოგოსი, მონადა, სამშვინველი, მენტალური, ასტრალური და ეთერული სხეულები, და სხვა – მეცნიერების მიერ ჯერ შეუსწავლელი, კიდევ ბევრი რამ, რაც არსებობს ადამიანში და რის გამოც მას მიენიჭა „ბუნების გვირგვინი“-ს წოდება.
მრავალმნიშვნელოვანია ამ სისტემების პროდუქტები, როგორც თვით ადამიანისთვის, ასევე მის გარემოსთვის და სამყაროსთვის.
ეზოთერულ ლიტერატურაში წარსულში არაერთგზის ჩნდებოდა ზოგიერთი საინტერესო ცნობა ადამიანის რთული შიდა შემადგენლობის, მისი დიდი შესაძლებლობის და უნარის შესახებ. მაგრამ ოფიციალურ მეცნიერებას, თავისი წამყვანი პრინციპების გამო, არ შეეძლო აღიარებინა ისინი, როგორც უტყუარი ფაქტები. (მათი ცდით დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ დღეს არარსებული „სულიერი ხელსაწყოებით“).
მეცნიერებამ რეალური სინამდვილის მრავალ დარგში ბრწყინვალე წარმატებების და მიღწევების გამო, დედამიწის მოსახლეობაში შეიძინა დიდი ავტორიტეტი. ამიტომ სამყაროსა და ადამიანის შესახებ მის მიერ არაღიარებული ეზოთერული ცოდნა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა და როლი  გააჩნია ადამიანის სრულყოფის, მისი პროგრესული ზრდის და ყოფიერების  სილამაზის მიღწევის ამოცანის გადაჭრაში, ფართოდ არ გავრცელდა.
ამიტომ ადამიანის ცოდნა საკუთარი თავის შესახებ ისე ინტენსიურად არ ვითარდებოდა და ღრმავდებოდა, როგორც ამას მოითხოვდა მისი პირადი სასიცოცხლო ინტერესები  და სამყაროს ევოლუციასთან დაკავშირებული ამოცანები. რელიგიის  მცოდნენი და ეკლესიის ჭეშმარიტი მსახურნი მუდმივად მოუწოდებდნენ ადამიანებს ღმერთისა და ღვთიური ძალებისადმი საკუთარი რწმენის გაძლიერებისაკენ, რელიგიის სწავლებებისა და საღმრთო წერილების შინაარსების სწორად გაგებასა და ათვისებისაკენ. ბუნებრივია, რომ მათი თავდადებული შრომა ხელს უწყობდა ყველა ქვეყანაში ადამიანის სისასტიკის, მათ მიერ საკუთარი სულის დამამძიმებელი ბოროტი ქმედებების რაოდენობის შემცირებას.
როგორც ცნობილია,  ადამიანში რწმენის არსებობა მხოლოდ ერთერთი კომპონენტია (თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი)  იმ ფაქტორთა ერთობლიობის, რომელსაც ინდივიდი მიჰყავს მაღალ შეგნებამდე, მისი არსისა და  სიღრმისეული შემადგენლობის სწორად განვითარებისაკენ, გულის სიწმინდისაკენ.
 აუცილებელია საზოგადოების სხვა წევრებთან, დედამიწის მთელ ცოცხალ ბუნებასთან  და სამყაროს ყველა მკვიდრთან ჰარმონიულ თანაარსებობისაკენ მისწრაფება და სათანადო მოქმედება, უფალთან ერთიანობის აღდგენის მუდმივი მცდელობა.
თანამედროვე აქტიური, მაგრამ ცალმხრივად განვითარებული კულტურა მოკლებულია ჭეშმარიტ მეტაფიზიკურ ცნობიერებას და სულიერებას. ფიზიკური კეთილდღეობა თავისთავად მოსდევს სულიერების დამკვიდრებას. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ იგი სხეულია და სხვა არაფერი, სხეულებრივი სიამოვნებით ცდილობს ბედნიერების მოპოვებას, დღეს უკვე მთლად ნორმალურად  არ უნდა ითვლებოდეს. მაგრამ სამწუხაროდ ბევრგან ასეთი მიდგომა ამ საკითხისადმი ნორმად არის ქცეული.
უღმერთო საზოგადოებრივ რგოლში, მის რიგში მყოფ ადამიანთა სულიერი სიწმინდის გარეშე, ბედნიერება და მშვიდობა შეუძლებელია. ზრუნვა საზოგადოების ყველა წევრის სულიერ ზრდაზე უპირველესი მნიშვნელობის მქონე საქმიანობას წარმოადგენს ნებისმიერ პროგრესულ და შემდგარ სახელმწიფოში. სრულყოფილი ინდივიდებისაგან შემდგარი სახელმწიფო არასოდეს არ განიცდის ათასნაირ გაჭირვებას და არ ინგრევა.
იმ სივრცეში, სადაც დიდია სულიერად განვითარებული ინდივიდების რიცხვი, ჭარბობს მაღალი ფასეულებები  და პირიქით, საზოგადოებაში მაღალი ღირებულებების სიჭარბე ხელს უწყობს სრულყოფილი ინდივიდების რაოდენობის ურყევ ზრდას. ამდაგვარი განვითარება აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას დიდ წარმატებამდე და ბედნიერი ცხოვრების მიღწევამდე. ამის მაგალითები არსებობს. ეს არ არის უტოპია – ეს რეალურად შესაძლებელია.
ოფელია ლომაია.

Комментариев нет:

Отправить комментарий